ბათუმში 18 ავტობუსს 10,5 მილიონი ლარად იყიდიან – ტენდერში მონაწილეობა 10 ათასი ლარი ღირს

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად.
სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 მეტრიდან 8,5 მეტრამდე.
10 ავტობუსის შესყიდვა დაგეგმილია მაქსიმუმ 7 590 590 ლარად, ანუ ერთი ავტობუსის სატენდერო ფასია 759 059 ლარი.
მახასიათებლები ასე გამოიყურება:
„ძარის ტიპი – დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსი;
სიგრძე – არანაკლებ 11 500 მმ. და არაუმეტეს 12 500 მმ.
არანაკლებ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის;
მგზავრების რაოდენობა სულ – არანაკლებ 70 მგზავრი;
დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავი განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში…
ავტობუსის ფერი – ლურჯი ფერი, სახურავი თეთრი ფერის“.
8 ავტობუსის შესყიდვა დაგეგმილია მაქსიმუმ 2 920 816 ლარად, ანუ ერთი ავტობუსის სატენდერო ფასია 356 102 ლარი.
მახასიათებლებია:
„ძარის ტიპი – საქალაქო ავტობუსი;
სიგრძე – არანაკლებ 6500 მმ – არაუმეტეს 8500 მმ;
არანაკლებ 14 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის;
მგზავრების რაოდენობა სულ – არანაკლებ 29 მგზავრი;
დიზელის ძრავი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ევრო 6 ემისიის სტანდარტს…“
ამ შემთხვევაში ავტობუსის ფერი მითითებული არ არის.
პირობებში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება გრაფიკით:
„ავანსი – არაუმეტეს 3 510 000 ლარის ოდენობით [10 ავტობუსის შემთხვევაში] და არაუმეტეს 1 170 985 ლარი [8 ავტობუსის შემთხვევაში] – მიმწოდებლის მოთხოვნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;
2026 წელს, დარჩენილი გადასახდელი თანხის [ავტობუსის სახელშეკრულებო ღირებულებას გამოკლებული გადახდილი ავანსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში] ჯამის არანაკლებ 50%-ის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2026 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა;
2027 წელს, დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2027 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა“.
ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 3 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს, 4 სექტემბერს დასრულდება.
„ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია ავტობუსების მიწოდება განახორციელოს ქ. ს მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
„ოცნების“ ხელისუფლებამ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის ჩანიშნა. არჩევნების დღემდე დაახლოებით 2 თვით ადრე კი, ბათუმის მერიამ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შეიტანა ცვლილება და ავტობუსებისთვის 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაწერა.
ამასთან, ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს – თითოეულ ტენდერში. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო.
batumelebi.netgazeti.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისია მთავრობის ქმედებებს აფასებს და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს – ევროკომისიის წარმომადგენელი