„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ.
დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული სატელეფონო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (78%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამავე კვლევის მიხედვით, თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი (51%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
როგორ იმოქმედებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე? – „ბათუმელები“ ამ თემაზე MigraMate-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ევროკავშირის სამართლის მაგისტრს, ვალერიან ქარჩავას ესაუბრა.
· ბატონო ვალერიან, როდის და როგორ წახვედით პოლონეთში, რა გზა გაიარეთ?
პოლონეთში დაახლოებით 2012-13 წლებში წავედი, ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, ევროპათმცოდნეობას, შემდგომ – ევროკავშირის სამართალს. ვარ ევროკავშირის სამართლის მაგისტრი.
წავედი ვიზით, მაშინ ჯერ კიდევ ვიზა გვჭირდებოდა, რომლის მიღებაც ძალიან რთული იყო.
ყველა პროცედურა კარგად მახსოვს – სავიზო განაცხადის შევსება, საჭირო დოკუმენტების მოგროვება, სავიზო მოსაკრებლის გადახდა, მერე რიგში დგომა და ნერვიულობა. მახსოვს ასევე სტრესი, რომ შეიძლებოდა კონსულს უარი ეთქვა ჩემთვის ვიზაზე.
მახსოვს, სწავლის გადასახადი უკვე გადახდილი მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, ჩამირტყამდნენ თუ არა ვიზას.
ამჟამად ვარ ორმაგი მოქალაქე, თუმცა მოქალაქეობის მიღებამდე საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. მაქვს საკუთარი კომპანია, რომელიც პოლონეთში მცხოვრებ უცხოელებს სთავაზობს საიმიგრაციო იურიდიულ სერვისს.
· უვიზო მიმოსვლის სიკეთეზე გკითხავთ, რა სარგებელი აქვს მას საქართველოს მოქალაქეებისათვის?
ჩემი აზრით, უვიზო მიმოსვლას იმაზე გაცილებით მეტი სარგებელი და მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ვიდრე უბრალოდ თავისუფალი მიმოსვლაა.
მაგრამ მოდი დავიწყოთ თავისუფალი მიმოსვლით, როგორ ჩანს ეს რიგითი ქართველის გადმოსახედიდან.
გვაქვს შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის თავისუფლება. გინდა გამოიყენებ ამ თავისუფლებას, გინდა არა – არჩევანი შენია.
პერსონალურად რომ შევხედოთ, მე კი ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები უვიზო მიმოსვლის საშუალებით ჩამოდიან ჩემთან, ჩემი მეგობრებიც, ვნახულობთ ერთმანეთს.
უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას, არ ეცოდინებათ. უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ გზაზე მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომლის დაკარგვაც, პირველ ყოვლისა, ნიშნავს ამ გზაზე საქართველოს უკუსვლას.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველაფერი 2010 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც ბრიუსელში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გამარტივების პროცედურების შესახებ. მაგ დროიდან საქართველო ისწრაფოდა ვიზალიბერალიზაციისკენ, რის შემდეგაც იყო სხვადასხვა ეტაპები, იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელსაც საქართველო რამდენიმე წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებდა.
საქართველო თავისი სურვილით ასრულებდა იმ მოთხოვნებს, რაც ამ გეგმაში იყო და რაც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის ამოქმედებით.
უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოს დააბრუნებს 2017 წლის მარტამდე არსებულ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, თუნდაც მოკლევადიანი ვიზიტით, იქნებოდა ეს ტურისტული, გაცვლითი პროგრამა, სპორტული, თუ ოჯახის ან მეგობრების მონახულების მიზნით, უწევდათ სავიზო პროცედურის გავლა. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უკავშირდებოდა რიგებს, სავიზო მოსაკრებელს, სტრესს და ა.შ.
ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ისწრაფოდა დასავლეთისკენ, ევროპისკენ, თავისი ფესვებისკენ. თუ უვიზო გაგვიუქმდება, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც საქართველო გადის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.
ბოლო პერიოდში პოლონეთში საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რამდენიმე მიზეზზე.
ერთი მიზეზი უკავშირდება ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების აქტივობის ზრდას პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ანუ უსაფრთხოების გაძლიერების მოტივით, რაც პოლონეთის 2025-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ხოლო, პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილების პროექტის სამოტივაციო ნაწილში, საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში გამარტივებული დასაქმების მექანიზმის გაუქმების საფუძვლად წერია: „საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების და ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობის, აგრეთვე ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების თაობაზე მიმდინარე კონცეპტუალური სამუშაოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაქმების ნებართვის მიღების პროცესში პრივილეგირებული მოპყრობის მოდელის გაუქმება“.
· რადგან პოლონეთი აპირებს საქართველოს მოქალაქეებს გაუუქმოს გამარტივებული წესით დასაქმების უფლება, რას შეცვლის ეს იმ მიგრანტებისათვის, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან პოლონეთში?
2018 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს, სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებთან ერთად (6 ქვეყანა), მიეცათ შესაძლებლობა, დასაქმებულიყვნენ პოლონეთში გამარტივებული წესით, რაც სამუშაო ნებართვის ბიუროკრატიული პროცედურის ნაცვლად მოითხოვს დამსაქმებლის მიერ უბრალოდ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის (საქართველოში ხშირად ამ დოკუმენტს „მოწვევას” ეძახიან) დარეგისტრირებას. დეკლარაცია რეგისტრირდება 7 დღის ვადაში (პრაქტიკაში ეს ვადა ზოგჯერ იწელება). დეკლარაციაში დამსაქმებელი უთითებს საკუთარ მონაცემებს, უცხოელის მონაცემებს მაგ. თანამდებობას, ხელშეკრულების ტიპს, ანაზღაურებას და ა.შ..
2022 წლიდან ამ 6 ქვეყნის სიიდან პოლონეთმა ამოიღო რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რის შედეგადაც დარჩა 5 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 4 აგვისტოს დადგენილების პროექტში საქართველომ ამ სიიდან წაიშალა, დარჩა 4 ქვეყანა: სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა. რეგულაცია ძალაში შედის მისი გამოქვეყნებიდან 14 დღის შემდეგ. ჯერ უცნობია, როდის შევა ახალი კანონი ძალაში.
ანუ, თავდაპირველი 6 ქვეყნიდან სიას გამოაკლდა რუსეთი (2022 წელს) და დიდი ალბათობით, წელს გამოაკლდება საქართველო.
ასევე უცნობია, რა ელით საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მსგავსი დეკლარაციის საფუძველზე პოლონეთში.
· როგორ შეცვლის ეს საქართველოს მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას პოლონეთში?
უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ ჯერ პოტენციური დამსაქმებლისგან სამუშაო ნებართვის მოპოვება, რაც დღევანდელი მდგომარეობით გრძელდება დაახლოებით 2-3 თვე და გაცილებით რთულია მოსაპოვებლად, რადგან მოითხოვს სახელმწიფო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ წარმოებას. ამასთან, აუცილებელი იქნება გაცილებით მეტი დოკუმენტის თანდართვა.
სამუშაო ნებართვის განმცხადებელი არის დამსაქმებელი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის დასაქმება დამსაქმებლისთვის გაცილებით რთული იქნება და მოითხოვს მეტ ბიუროკრატიულ პროცედურას, ვიდრე სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვისა თუ უკრაინის მოქალაქის დასაქმება, რომლებიც კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული პროცედურით. ლოგიკურად, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში სამუშაო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, შრომის ნებართვის უფრო ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ, აუცილებელი იქნება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე სამუშაო ვიზის აღება, რაც ასევე მოითხოვს დროს, რესურსებს და არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა ვიზის გაცემაზე უარი მიიღონ.
დეკლარაციის საფუძველზე გამარტივებული წესით დასაქმება იძლევა პოლონეთში სამსახურის დაუყოვნებლივად დაწყების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების შესახებ დეკლარაციის (საქართველოში მოიხსენიებენ როგორც „მოწვევას“) საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში პოლონეთში შემოსვლა სამუშაოს დაწყების მიზნით.
ამ მექანიზმის გაუქმების შემდეგ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაში დარჩება, პოლონეთში შესვლა გაცილებით რთული იქნება.
მოკლედ, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაოდ პოლონეთში გეგმავდნენ წასვლას, გაცილებით რთული გზის გავლა მოუწევთ.
· ხომ არ გაქვთ ინფორმაცია საქართველოს რამდენი ათასი მოქალაქე იმყოფება პოლონეთის ტერიტორიაზე და მუშაობს ლეგალურად?
პოლონეთის მთავარი სტატისტიკური ოფისის მონაცემებით 2025 წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთში დასაქმებული უცხოელების 2,3% იყო ქართველი, ანუ დაახლოებით 24 500. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ეხება მხოლოდ ლეგალურად დასაქმებულ პირებს, შესაბამისად არ ითვალისწინებს არადასაქმებულ პირებს, მაგალითად: სტუდენტებს, ოჯახის წევრებს და არალეგალურად დასაქმებულებს. შესაბამისად, საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლონეთში გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს.
აღნიშნული დადგენილების პროექტის სამოტივაციო ნაწილში მოყვანილია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2024 წელს დარეგისტრირდა 76 671 დეკლარაცია უცხოელის დასაქმების შესახებ საქართველოს 47 086 მოქალაქისთვის (ანუ ერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონოდა რამდენიმე დეკლარაცია).
2025 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე დარეგისტრირდა 28 882 დეკლარაცია უცხოელის დასაქმების შესახებ, რაც შეეხებოდა საქართველოს 22 574 მოქალაქეს.
ეს რიცხვები ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოლონეთში გამარტივებული დასაქმების ამ მექანიზმს საქართველოს მოქალაქეებისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების შესახებ დეკლარაციას (ეწ. მოწვევას) საქართველოს მოქალაქეები ხშირად იყენებდნენ არა რეალურად სამუშაოს დასაწყებად პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ პოლონეთის გავლით შენგენის სივრცეში შემოსასვლელად.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლონეთში გაცილებით მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, ვიდრე ეს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღრიცხული.
· თქვენი აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება როგორ აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ მომავალზე?
უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა წინსვლა განიცადეს. აი, თუნდაც სპორტი ავიღოთ.
პოლონეთში ხშირად ვხედავ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა სპორტულ კლუბში და სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით. იძენენ გამოცდილებას, ხვდებიან აქაურ ახალგაზრდებს, იფართოებენ თვალსაწიერს და ბრუნდებიან უკან, საქართველოში.
კარგის მეტს ამაში ვერაფერს ვხედავ. მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ ცუდს ეძებ, ცხადია, კარგს ვერ დაინახავ.
დარწმუნებული ვარ, ქართველების უდიდეს უმრავლესობას არ სურს თავისი ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლა და სხვა ქვეყანაში ცხოვრება – ხშირად ეს უბრალოდ აუცილებელი ნაბიჯია.
გავიმეორებ, რომ ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მომავლისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე უბრალოდ უვიზო მიმოსვლა.
ხოლო რაც ამ უკანასკნელს შეეხება, როგორ შეიძლება ამ თავისუფლების დაკარგვა კარგი იყოს?!
