4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება.
„ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად და სრულფასოვნად შეძლონ საარჩევნო უფლების რეალიზება, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და გაიგონ სად მდებარეობს მათი საარჩევნო უბანი.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების მიზნით არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე voters.cec.gov.ge, სწრაფი გადახდის აპარატის და მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
მობილური აპლიკაციის სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko, შესაბამის ველში შეიყვანოთ პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ, სად უნდა მისცეთ ხმა 4 ოქტომბერს.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ცესკოს ვებგვერდზე (voters.cec.gov.ge) ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან სტანდარტს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.
ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.
ამასთან, იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობითაც.
ამასთან, შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.
ამომრჩეველმა, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 23 სექტემბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.
საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისკენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, მიმართეთ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცვლილებების შესატანად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი – ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც სჭირდება ყველა უწყების და განსაკუთრებით სუს-ის მობილიზება, მადლობას გადავუხდი სუს-ს და მის ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა

მეფე ჩარლზმა ოქსფორდის ისლამური კვლევების ცენტრის 40 წლის იუბილე აღნიშნა – უდიდესი სიამაყითა და აღტაცებით გიერთდებით დღეს, რათა პატივი მივაგოთ ამ შესანიშნავ ცენტრს, რომლის უნაკლო მუშაობა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოში ისლამური სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ