„ლელო“ მიესალმება, ენმ-ისთვის კი „მნიშვნელობა არ აქვს“ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას

არჩევნებზე განსხვავებული სტრატეგიის მქონე ოპოზიციური პარტიები, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულად აფასებენ ირაკლი კობახიძის მიერ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე.
„ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც“, – თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ. „მივესალმებით მათ ჩამოსვლას და რა თქმა უნდა, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება“, – განაცხადა მან.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ავტორიტეტული ორგანიზაცია იქნება მოწვეული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ოპოზიციური ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა ე.წ საარჩევნო უბნებზე მისვლას კი არ აპირებს, არამედ ქუჩაში გამოსვლას [გეგმავს] და [ბიძინა ივანიშვილმა ესეც კარგად იცის“, – თქვა მან.
მისი განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ბოიკოტის პირობებში, „არანაირი თავ-პირის მტვრევა, არანაირი დარღვევები და ძალადობა, რომელიც ივანიშვილს სჭირდებოდა იმ არჩევნებში, სადაც რეალურად მეტ-ნაკლებად იყო მაინც შემორჩენილი სანდოობა ოპოზიციური ამომრჩევლის მხრიდან, აღარ მოუწევს“ და „ამიტომაც იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“.
გრიგოლ გეგელიამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ პარტიაში მიიჩნევენ, „ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის და მივესალმებით იმას, რომ ეუთო/ოდირის შესაბამისი დამკვირვებლები როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი“.
მანამდე მცირე ხნით ადრე, 6 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოიწვია.
„იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ს დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი მ 6 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
· ჩვეულებრივ, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე იწყებენ მისიას – რაც მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში პროცესის ორგანიზების და სხვა დეტალების დაკვირვებას.
· არჩევნების დღის სიახლოვეს ჩამოდიან მოკლევადიანი დამკვირვებლები.
· მოწვევაზე ეუთო/ოდირის პასუხი ჯერ უცნობია. რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ორგანიზაციას კომენტარის თხოვნით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ