ფაშინიანი ჩინეთში აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებით გაემგზავრა და ამავე გზით დაბრუნდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთსა და იაპონიაში ვიზიტისათვის აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებით გაემგზავრა და ამავე მარშრუტით დაბრუნდა ერევანში, – იუწყება ფაშინიანის პრესსპიკერი.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში მშვიდობის დამყარების შემდეგ, სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს სთხოვეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავის გატარება საჰაერო სივრცეში, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს“, – განაცხადა პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა 6 სექტემბერს.
„ჩვენ ამ ფაქტს რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის, სამშვიდობო დღის წესრიგის ხელშეწყობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად მივიჩნევთ“, – აღნიშნა ბაღდასარიანმა.
ფაშინიანის ვიზიტი ჩინეთში 30 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდა. მასპინძლის, პრეზიდენტ სი ძინპინის გარდა, ის იქ კიდევ ერთხელ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. 4 სექტემბერს მან იაპონიაში ვიზიტი დაიწყო.
ბაღდასარიანმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავები „დიდი ხანია“ სომხეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მიმოსვლისთვის.
სომხეთი დასავლეთის და ჩრდილოეთის მიმართულებით მოგზაურობისთვის ძირითადად იყენებს საქართველოს, ხოლო სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებისათვის – ირანის საჰაერო სივრცეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ
პარასკევს, 2025 წლის 5 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ეწვივნენ ერთი-მეორის ტერიტორიებს სასაზღვრო ზონაში – 8 აგვისტოს ვაშინგტონში ს მედიაციით მიღწეული შეთანხმების კვალდაკვალ.
სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, აზერბაიჯანისას კი – ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა განვიხილეთ სასაზღვრო ხაზის შესაბამისი მონაკვეთების/სექციების დემარკაციასთან და განაღმვასთან დაკავშირებული საკითხები“, – წერია მხარეთა მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
radiotavisupleba.ge