ჩინეთში განვითარებულ მოვლენებსა და მის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, ჩინეთში დასრულდა მეორე მსოფლიო ომის 80-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები.
შთამბეჭდავი სამხედრო აღლუმის გარდა ჩინეთში გაიმართა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგი სამიტი, რომელშიც მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობას ვერ იღებდა, რადგან მის მიმართ სანქციებია დაწესებული.
მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ჩინეთის ლიდერმა სიმ, რომელმაც ინდოეთის პრეზიდენტის გასაგონად ბრძანა – “დრაკონი და სპილო უნდა დამეგობრდნენ.”
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ერთმანეთს რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ლიდერები შეხვდნენ, რამაც, ბევრს პრიმაკოვის დოქტრინა გაახსენა, რომლითაც აშშ-ის ჰეგემონიასთან დაპირისპირებაში კრემლის მთავარი პარტნიორები ჩინეთი და ინდოეთი უნდა იყვნენ. დღეის მდგომარეობით აშშ-თან ბრძოლაში კრემლს პირველი ვიოლინოს როლის შესრულება აღარ შეუძლია და ამ როლს თავის თავზე ჩინეთი ირგებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით გასულ კვირას ჩინეთში გამართულ მოვლენებსა და მათ შედეგებს?
– ჩინეთი სარგებლობს იმ სიტუაციით, რომელიც შექმნა ტრამპის საგარეო პოლიტიკამ. თუ პრეზიდენტი ბაიდენი ქმნიდა ალიანსებს, პრეზიდენტმა ტრამპმა მის მიერ დაწყებული სატარიფო პოლიტიკით ალიანსში განხეთიქილების შეტანა დაიწყო. ჩინეთი თვლის, რომ დღეს არის ძალიან ხელსაყრელი მომენტი იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა თავის სასარეგებლოდ გამოიყენოს საერთაშორისო არენაზე. ჩინეთს უნდა გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა.
ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი თვლის, რომ ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია, შესაძლებელია ზესახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილება და ჩინეთი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფო.
ეს ვითარება ჩინეთისთვის იმითაც არის ხელსაყრელი რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტარიფებთან დაკავშირებით. საგარეო პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმბოლურ ნაბიჯებს. ასეთ ვითარებაში სი ძინ პინმა გააკეთა დემონსტრაციული სვლა. ჩინეთის მხრიდან ამგვარი დემონსტაციული სვლა ძალიან დიდი დარტყმა იყო ტრამპისთვის.
ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი თვლის, რომ ვიდრე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია, შესაძლებელია ზესახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილება და ჩინეთი გახდეს მსოფლიოში ნომერ პირველი სახელმწიფო
სი ძინ პინმა ჩატარებული აღლუმით აჩვენა რომ ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ერთიანდებიან სამხედრო ალიანსად, სამივე ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და მათ შეუძლიათ გაუსწორდნენ აშშ-ს. ჩინეთს სამხედრო რესურსის გარდა, ამისთვის აქვს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რესურსი.
მეორე გარემოება, თუ რატომ მიდის სი ძინ პინი ვითარების ესკალაციაზე გახლავთ ის, რომ ჩინეთში შიდაპოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. 2027 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე უნდა დაინიშნოს ჩინეთის ახალი პრეზიდენტი. სი ძინ პინი მეოთხე ვადით აპირებს ამ პოსტზე დარჩენას.
სი ძინ პინმა ჩატარებული აღლუმით აჩვენა რომ ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ერთიანდებიან სამხედრო ალიანსად, სამივე ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და მათ შეუძლიათ გაუსწორდნენ აშშ-ს. ჩინეთს სამხედრო რესურსის გარდა, ამისთვის აქვს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რესურსი
არადა, მას მანამდეც აქვს დარღვეული ჩინეთში დამკვიდრებული წესი იმაზე, რომ ქვეყანას ერთი პირი მხოლოდ ორი ვადით შეიძლება მართავდეს. მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია. ასეთ ვითარებაში მას სჭირდება შიდა პოლიტიკაში თავისი პოზიციების გამყარება.
ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში პირდაპირი არჩევნები არ არის, სი ძინ პინმა თავისი საარჩევნო კომპანია დაიწყო.
– ფაქტია, რომ ჩინეთმა 2025 წლის სექტემბერში შექმნა ანტიამერიკული ალიანსი და ამის დემონსტრირებაც მოახდინა.
ეს დაინახა არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ ევროპამ და დანარჩენმა მსოფლიომ. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ტრამპის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკით აშშ-მ საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზულად წააგო და პეკინის ამ გამოწვევას ტრამპმა პასუხი უნდა გასცეს.
სავარაუდოდ, როგორ დაინახა და აღიქვა ჩინეთში მომხდარი პრეზიდენტმა ტრამპმა? სავარაუდოდ, როგორი იქნება პეკინის გამოწვევაზე აშშ-სა და ევროპის პასუხი?
– გასულ კვირას ჩინეთში განვითარებული მოვლენები გახლდათ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მარცხის დემონსტრირება. სი-ენ-ენ-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპი და პუტინი დღეს ერთ ტალღაზე არიან. ორივე ყველაფერს ევროპას აბრალებს.
პეკისნის გამოწვევაზე ტრამპს მოქმედების გეგმა არ აქვს, იგი გარკვეული თვალსაზრისით დაბნეულია და ცდილობს თავისი წარუმატებლობა ევროპას დააბრალოს
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაამკაცროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი მტკიცებით, ევროპა რუსეთისაგან ერთი მილიარდი აშშ დოლარის ნავთობს ყიდულობს. მეორე მხრივ, როცა პუტინი ალიასკაში იყო ამბობდა – ევროპა არ უნდა ჩაერიოს იმ შეთანხმებაში, რომლის მიღწევას ერთმანეთთან აშშ და რუსეთი ცდილობენ და მათ შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.
პეკისნის გამოწვევაზე ტრამპს მოქმედების გეგმა არ აქვს, იგი გარკვეული თვალსაზრისით დაბნეულია და ცდილობს თავისი წარუმატებლობა ევროპას დააბრალოს. მაგრამ, არის ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი და არის აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესები. რეალურად, ტრამპს სხვა ბერკეტები, გარდა იმისა, რომ უკრაინას მიაწოდოს იარაღი, აღარ დარჩა.
– აშშ-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივის თემა ცალკე სასაუბროა, მაგრამ, მოდით უკრაინის თემით გავაგრძელოთ საუბარი.
ფაქტია, რომ ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ვერ შეწყვეტს. უკრაინისთვის აშშ-ს მიერ ევროპისთვის იარაღის მიყიდვაზე განცხადებები ტრამპისგან ბევრი გვახსოვს, მაგრამ, ჯერ არც ის ჩანს, მოხდება თუ არა ისეთი იარაღის სრულად მიყიდვა ევროპისთვის, რაც უკრაინას რუსეთთან ომში უპირატესობას უზრუნველყოფდა.
თითქოს, ცხადადაც ჩანს, რომ ტრამპმა თავის საგარეო პოლიტიკაში კორექტივები უნდა შეიტანოს, მაგრამ რამდენადაა იგი ასეც ცვლილებებზე წამსვლელი, ჯერ არ ჩანს.
თქვენთან დაკავშირებამდე ვნახე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში ტრამპმა, შესაძლოა, ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლის თანახმადაც პენტაგონს, სახელი გადაერქმევა და მას „ომის დეპარტამენტი“ დაერქმევა. ცხადია, ეს საქმის, მხოლოდ გარეგნული მხარეა.
მას შემდეგ, რაც ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ ჩინეთში ნახა, სავარაუდოდ, ეს რა კორექტივებს შეიტანს ტრამპის ევროპულ და უკრაინულ პოლიტიკაში?
– ის, რაც ჩინეთში მოხდა, ევროპისთვის არ იყო მოულოდნელი. ევროპის დიპლომატია უფრო სტრატეგიულია. ევროპა ცდილობს არ დაუპირისპირდეს ტრამპს, აშშ-თან დაპირისპირება ძალიან სახიფათოა, მაგრამ ცდილობს აშშ-მ თავის საგარეო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს. ამაზეა კონცენტრირებული ევროპელების დიპლომატია და თანდათან ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას.
ტრამპი იძულებული იქნება, ფაქტობრივად, ბაიდენის საგარეო პოლიტიკას დაუბრუნდეს. ეს კი ნიშნავს დასავლური ალიანსების გაძლიერებას ბიპოლარულ სისტემაში ჩინეთისა და მისი მოკავშირეების დასაბალანსებლად. ბაიდენის საგარეო პოლიტიკის კონსტრუქცია ასეთი იყო.
ევროპა ცდილობს არ დაუპირისპირდეს ტრამპს, აშშ-თან დაპირისპირება ძალიან სახიფათოა, მაგრამ ცდილობს აშშ-მ თავის საგარეო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს. ამაზეა კონცენტრირებული ევროპელების დიპლომატია და თანდათან ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას
ახლა მიმდინარეობს ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება, ამას აკეთებს ჩინეთი, როგორც სსრკ-ს დროს იყო სოციალისტური ბანაკი და აშშ და მისი მოკავშირეები. ასეთი იყო ბაიდენის პოლიტიკა. ტრამპმა ამგვარი პოლიტიკის მოდელი დაარღვია. რადგანაც ჩინეთი თავისი ინიციატივით ქმნის მის გარშემო კოალიციას და სურს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდეს. ამიტომ, ტრამპი იძულებული იქნება დაუბრუნდეს ბაიდენის საგარეო პოლიტიკას.
თუ ომების შეჩერება გინდა, პენტაგონს „მშვიდობის დეპარტამენტი“ უნდა დაარქვა და არა „ომის დეპარტამენტი“
სხვათა შორის, ახლა ტრამპი პენტაგონისთვის „ომის დეპარტამენტის“ დარქმევას რომ აპირებს, ერთი მხრივ ეს უცნაურად ჩანს, მაგრამ, მაინც მის სტილშია. გვახსოვს, რომ ტრამპი ამბობდა მე ომები უნდა შევაჩეროო. თუ ომების შეჩერება გინდა, პენტაგონს „მშვიდობის დეპარტამენტი“ უნდა დაარქვა და არა „ომის დეპარტამენტი“.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა განაცხადა, რომ გლობალური ლიდერობის და დასავლეთის „ჰეგემონიასთან“ წინააღმდეგობის გაწევის ზრახვები აქვს, როგორც ჩანს, ტრამპი მიხვდა, რომ ახალი დაპირსიპირებისთვის უნდა იყოს მზად.
– თქვენს, ინტერპრესნიუსთნ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, ამიტომაცაა ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე.“
გამოდის, უნდა ველოდოთ ევროპასთან და უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკაში სერიოზულ ცვლილებებს?
– თანდათან კი, ეს მოხდება ტრამპის სტილში. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარკო რუბიო, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მდივანია, ასევე არის აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და მასაც საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ ისეთივე სტრატეგიული მიდგომები აქვს როგორც ევროპელებს, ეს პროცესი ამ მიმართულებით დაიძვრება.
ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე ბევრი რამ პრობლემური იქნება, მაგრამ იგი თანდათან იძულებული იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ მიდგომებს დაუბრუნდეს. ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი.
ტრამპის პიროვნებიდან გამომდინარე ბევრი რამ პრობლემური იქნება, მაგრამ იგი თანდათან იძულებული იქნება აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიულ მიდგომებს დაუბრუნდეს
ჩემი აზრით, პუტინი შეცდომას უშვებს, მოქნილობას არ ავლენს და აიძულებს ტრამპს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მან ამ სიტუაციაში იძულებულიც კია რომ გადადგას.
– გაპრეზიდენტებამდე და თეთრს სახლში შესვლამდე ტრამპი აცხადებდა რომ მისი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა იყო. გვახსოვს, როგორ აქტიურობდა მისი მთავრობის თავდაცვის მდივანი პიტი ჰეგსეტი იმისათვის, რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღი არ მიეწოდებინათ.
ახლა თუ ტრამპმა საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა, იძულებული იქნება ჰეგსეტი შეცვალოს?
– ჰერსეტი იმას გააკეთებს, რასაც მას ტრამპი ეტყვის. ასე რომ თანამდებობიდან მის გაშვებას აზრი არ აქვს.
– მაშინ დიდი ალბათობით ვიცე-პრეზიდენტ ვენსის საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება ევროპელებისა და უკრაინის ომთან დაკავშირებით, ეგეც შეიცვლება?
– ვენსი თავისი ბუნებით ახალგაზრდა კარიერისტია, მისი მიზანია 2029 წლის არჩევნებში გახდეს აშშ-ს 48-ე პრეზიდენტი.
ახლა ბევრი აღნიშნავს, რომ ვენსი იმდენად აქტიური აღარაა, როგორც ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ხანებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტრამპის პოლიტიკა არ არის ისეთი წარმატებული, რაც მას პრეზიდენტობისთვის გზას გაუკვალავდა. ამიტომაც, იგი ახლა არაა აქტიური, ამგვარი ატიურობა მას საზოგადოებაში ქულებს დააკარგვინებს.
– შეიძლება ასეთი დასკვნა გაკეთდეს – იმის გამო რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინასთან ომის შეწყვეტას, აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარებას?
– ამერიკელი ჯარისკაცები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამერიკელები გააგრძელებენ ევროპისთვის იარაღის მიყიდვას უკრაინისთვის, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.
სხვათა შორის, უკრაინა აშშ-გან მეტს არც არაფერს მოითხოვს. ზელენსკის არასდროს უთქვამს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში მონაწილეობა ამერიკელმა ჯარისკაცებმა უნდა მიიღონ.
– ვიცით, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემაზე, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე მუშაობა მიმდინარეობს. კომისიების რამდენიმე სხდომა და შეხვედრა გაიმართა.
იმ ფონზე, რაზეც ვისაუბრეთ, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ამ კომისიის მუშაობა?
– მოლაპარაკებები ბიუროკრატიული პროცესია. იმის გათვალისწინებით რომ ამ მიმართულების მუშაობის დაწყებას ტრამპი ემხრობოდა, ეს პროცესი გაგარძელდება. საერთოდ, ევროპელები ამ ტიპის დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებაში ძალიან გამოცდილები არიან. ამერიკა არ არსებოდა, ევროპული დიპლომატია რომ უკვე არსებობდა.
ევროპელები კვლავ ეცდებიან არ გააღიზიანონ ტრამპი, მისი თავმოყვარეობა დააკმაყოფილონ იმით რომ ამ თემებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მაგრამ, ევროპელები იმოძრავებენ იმ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რომლის არსი იმაშია, რომ ევროპა და აშშ იყვნენ ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში ჩინეთის მიერ დაწყებული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ.
– მაშინ როცა პუტინი კვლავ აცხადებს რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებისთვის „ომის დაწყების მიზეზები უნდა იქნას აღმოფხვრილი“, კრემლი და პირადად პუტინი ისევ გააგრძელებენ ამ თემაზე საუბარს, თუ როგორ იქნება?
– რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება, ამაზე თავად რუსები საუბრობენ, მაგრამ პუტინს უკრაინასთან ომის წარმოების რესურსები წლის ბოლომდე კიდევ აქვს. 2026 წლიდან მას დიდი ეკონომიკური პრობლემები ექნება, ამიტომაცაა, რომ პუტინი ახლა ცდილობს წლის ბოლომდე დიპლომატიური ხერხებით მიმდინარე მოლაპარაკებებში მაქსიმუმი მიიღოს.
რუსეთში ეკონომიკური სიტუაცია მძიმდება, ამაზე თავად რუსები საუბრობენ, მაგრამ პუტინს უკრაინასთან ომის წარმოების რესურსები წლის ბოლომდე კიდევ აქვს. 2026 წლიდან მას დიდი ეკონომიკური პრობლემები ექნება
რუსული დიპლომატია სსრკ-ს დროინდელი ტაქტიკით მოქმედებს – ითხოვს მაქსიმუმს, რომ შემდეგ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს მოლაპარაკებებზე. ამიტომ, პუტინი წლის ბოლომდე შეეცდება მოლაპარაკებების პროცესში კარგი შედეგი მიიღოს.
– ვიდრე თქვენ შეგეხმიანებოდით, ინფორმაციას წავაწყდი იმაზე, რომ აშშ-ში ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით დაჩქარებულადაც კი მიმდინარეობს პროცესი.
იგულისხმება ის, რომ ამერიკელების მიერ შერჩეული კომპანიები ერევანში ჩავლენ იმ შეთანხმებების შესრულების დასაწყებად, რასაც ხელი ვაშინგტონში 8 აგვისტოს ტრამპის მონაწილეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა მოაწერეს ხელი.
ეს ჩინეთში მომხდარზე ვაშინგტონის გამოძახილი უნდა იყოს, თუ იმის ნაწილი მხოლოდ, რაც დაგეგმილი იყო?
– ჩინეთი ვითარების გამწვავებაზე იმიტომ წავიდა, რომ კარგავს თავის გავლენებს ახლო აღმოსავლეთში, იგულისხმება ისრაელ-ირანის ომის შემდეგ ირანის მდგომარეობა, აზერბაიჯან-სომხეთის შერიგება და კიდევ სხვა. ამიტომ, ჩინეთის გააქტიურება გახლდათ პეკინის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი.
ეს ეხება პუტინსაც. რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება ყალიბდება. პუტინს სჭირდება უკრაინასთან „ომის გაყინვა“, ამაზე კი ვერ მიდის იმიტომ რომ წაგებული არ უნდა გამოჩნდეს. ამიტომაც დრო და დრო მიდის სიტუაციის ესკალაციაზე და ცდილობს მეორე მხარე დათმობებზე წავიდეს.
ჩინეთი ვითარების გამწვავებაზე იმიტომ წავიდა, რომ კარგავს თავის გავლენებს ახლო აღმოსავლეთში, იგულისხმება ისრაელ-ირანის ომის შემდეგ ირანის მდგომარეობა, აზერბაიჯან-სომხეთის შერიგება და კიდევ სხვა. ამიტომ, ჩინეთის გააქტიურება გახლდათ პეკინის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი
ჩინეთს არ აქვს იმის რესურსი რომ ახლა აშშ-თან ესკალაციაზე წავიდეს, მაგრამ ქმნის ალიანსებს, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ს დაუპირისპირდეს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
