– ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!

ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, ჯანსაღად ამბიციური NGO -სა თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!

ეს მიდგომაც მთლიანად შესაცვლელია. სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი  ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, უამრავი პოლიტიკოსის, NGO-სა და სხვა აქტიური / საჯარო პირების მიერ ხალხთან მუშაობის აუცილებლობა დაჩრდილული იყო უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით.

„ამ ქვეყნის ყველა დროის ყველა ხელისუფლის მცდელობამ – საკუთარ ხალხზე უკეთესად წარმოეჩინა თავი, გაუცხოება და გადაკიდება გამოიწვია საკუთარ ხალხთან.

ივანიშვილის რეჟიმი არათუ გამონაკლისი არაა, მან ყველა წინა ხელისუფალს ბევრად გადააჭარბა ხალხის უგულებელყოფაშიც, რაც გარდაუვალად გამოიწვევს მის მარცხს. ივანიშვილი უკან შემოუბრუნებლობის წესით არის უკვე ხალხთან დაპირისპირებაში შესული, მან მანევრის სივრცე ვეღარ დაიტოვა, მისი და მისი ხელისუფლების მზარდად მძიმე მდგომარეობა აახლოებს ქვეყანას ცვლილებებთან.

თუმცა ცვლილებები იმავე აზროვნებით ვერ დადგება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დიდი ხანია ცვლილებების აუცილებლობა წარმოიშვა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა: პრობლემა ვერ მოგვარდება იმავე აზროვნებით, რომლითაც ეს პრობლემა შეიქმნა.

სანამ გავაგრძელებ, შეგახსენებთ, 2024 წელს, არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოცხადდა, დამარცხებული კი – გამარჯვებულად. ივანიშვილმა ძალაუფლება მიიტაცა. ეს თითქოს ზოგჯერ გვავიწყდება…

მიტაცებულის დასაბრუნებლად საჭიროა ცვლილებების მოსურნე საზოგადოების მკვეთრი ზრდა. მეორე მხრივ, ივანიშვილის სხვადასხვა მიზეზით არსებული მხარდაჭერის მწვავე შემცირება. ამას კი სჭირდება ხედვაში რევოლუცია!

რა გეზითაც წარვმართავთ შემდგომ ძალისხმევას, ისე ვიცხოვრებთ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შაბლონური მიდგომებით არ (აღარ) უნდა ვიხელმძღვანელოთ.

ბოლო რამდენიმე თვეა, და ეს დამაიმედებელია, საპროტესტო საზოგადოებაში და მის მიღმაც, მდუმარე უმრავლესობის წიაღშიც, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც წარმოადგენს წლობით არსებული პოლიტიკური ბრძოლის ხედვებში აუცილებელი ცვლილებების საჭიროებას, რომელიც მოითხოვს მტანჯველ ძალისხმევას, რასაც თან ახლავს სამშობიარო ტკივილები.

ხედვებში რევოლუციის შემდეგ, უკვე უშუალოდ ბრძოლის პროცესში, ყველამ თავისი სწორი როლი უნდა შეარჩიოს.

პროცესი რაციონალური ელემენტებისგან, გონიერებისგან აღარ უნდა იყოს დაცლილი, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ჩვენსავე შიშველი ემოციების ნახარშში, მისსავე წვენში მოიხარშება ჩვენივე პოლიტიკური თუ საჯარო ცხოვრების ამჟამინდელი თაობები.

თუ მიზანი მხოლოდ ღირსეული ბრძოლის ლეგენდის დატოვებაა, ეს მიზანი უკვე მიღწეულია, მას აღარაფერი ემუქრება. ათწლეულები შემოინახავს უამრავი ადამიანის თავდადებული ბრძოლის ისტორიებს.

თუმცა, აი, უკვე გამარჯვებისთვის, თავისუფლებისთვის, პოლიტიკური უფლებების დაბრუნებისთვის, მდიდარი და უსაფრთხო, ქართული სახელმწიფოსთვის, საჭიროა შედეგი. იქამდე კი გვინდა ხედვებში ძირეული ცვლილებები, საიდანაც გამარჯვება უნდა ამოიზარდოს!

შეიძლება ზოგს გაუკვირდეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, გაგაცნოთ ჩემი ეს პოზიციაც: დღეს ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, კრიტიკულ მედიაშიც, შესაძლოა, ბევრი დამაიმედებელი რამ არ დაილანდოს, თუმცა ხვალინდელი წარმატებული შედეგისთვის – არსებული პროცესი ძალიან სასარგებლოა.

ხდება კრისტალიზაცია, ერთგვარი დაწმენდა – პერსონალურიც, მეთოდოლოგიურიც, იდეოლოგიურიც. შედეგად, ფართო საზოგადოება ადვილად შეძლებს ხორბალი გამოარჩიოს სარეველასაგან.

მჯერა, მოხერხდება სწორი გააზრება იმ ახლებურად დამძიმებული გარემოსი, რომელშიც ცხოვრებაც გვიწევს და ბრძოლაც.

კი ბატონო, ეს ჩვენი ცხოვრება და ბრძოლა, თითქოს აღმა ხვნას ჰგავდეს, მაგრამ ასე იყო წარსულში ყველა მებრძოლი პატრიოტის ცხოვრებაც, ბავშვობიდანვე მათი ცხოვრება აღმა ხვნა იყო, მაგრამ მოინდომებდნენ და მაინც მიაღწევდნენ წარმატებას.

მჯერა, წარმატებით მოვახდენთ არსებულ ვითარებაზე რეაგირებას და მოქნილად მოვერგებით ცვალებად პირობებს – ვინც ასე არ მოიქცევა, ბრძოლას გამოეთიშება და ეს ვერ იქნება გამოსავალი.

წლების განმავლობაში, უამრავი პოლიტიკოსის, NGO-სა და სხვა აქტიური / საჯარო პირების მიერ ხალხთან მუშაობის აუცილებლობა დაჩრდილული იყო უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით.

ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, ჯანსაღად ამბიციური NGO -სა თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე სამართლიანად ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?!

ეს მიდგომაც მთლიანად შესაცვლელია. სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!

გაუცხოებული პოლიტიკოსი ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის და ამას ყოველდღე ადასტურებს „ქართული ოცნება“.

ხალხთან გაუცხოებულ პოლიტიკოსს მხოლოდ საზეპირო ფრაზები და კარიერისტობა თუღა შერჩება, რასაც არასდროს არავისთვის სიკეთე არ მოუტანია.

ამიტომაც არ მოსდით თავში არცერთი საკუთარი აზრი. საუბარს მიღმა კი მხოლოდ ტრენინგებზე დაზუთხული ლოზუნგები დგას და არა პირადი გრძნობებით აღსავსე სააზროვნო შედეგები. ეს არის დღევანდელი სახელისუფლებო რეალობა, რასაც მთლიანად საპირისპირო მიდგომა სჭირდება. ამ შემთხვევაში მსგავსი მსგავსით ვერ განიკურნება“, – განაცხადა მელიამ.