ძაღლების ბარი არის კაფე ძაღლებისთვის, სადაც ადამიანებსაც სიამოვნებით მასპინძლობენ. კაფე „დოგუდი“ გარანს ვან დერ დიუსენისა და ნიკოლო ფეროს იდეის ნაყოფია. ქალი ოსტეოპატი და ძაღლების რეაბილიტაციის სპეციალისტია, კაცი კი – მზარეული. აქედან გაჩნდა იდეაც: თავიანთი ორი გატაცება გაეერთიანებინათ და მოეწყოთ ადგილი, სადაც ადამიანები და მათი ოთხფეხა მეგობრები ერთად შეძლებდნენ შეკრებას და თითოეული მათგანი თავისი გემოვნებისა და დიეტური მოთხოვნების შესაბამისი სპეციალური კერძებით ისიამოვნებდა. შედეგად, ძაღლებისთვის შეთავაზებული სასუსნავები არ შეიცავს შოკოლადსა და ქიშმიშს, რადგან ეს ორი ინგრედიენტი მათთვის რეკომენდებული არ არის.
პატარა ჯოხები მედორისთვისMarc Oschinsky
აქ ყველაფერი ადგილზე მზადდება, ადამიანების კერძებიდან დაწყებული და ძაღლების ნამცხვრებით დამთავრებული. და რადგან სამზარეულო ერთია, ყველა ინგრედიენტი „ადამიანურია“, რაც ნიშნავს, რომ ძაღლებისთვის განკუთვნილი სასუსნავების გასინჯვა მათ პატრონებსაც შეუძლიათ.
კურკუმით შეზავებული ნუშის ნამცხავარი, ყველის კრემთან და დეჰიდრირებულ ქათმის ღვიძლთან ერთად, ჩვენც დავაგემოვნეთ. გულწრფელად რომ ვთქვათ, საკმაოდ უჩვეულო გემო აქვს. განსაკუთრებით დეჰიდრირებული ფრინველის ღვიძლს. მიუჩვეველი გემოს გამო, ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა დამაბნეველიც იყოს. „მით უმეტეს, რომ ის არ შეიცავს კარაქსა და შაქარს, რადგან ეს ინგრედიენტები ძაღლებისთვის არ არის რეკომენდებული“, – ამბობს გარანსი.
ერთი სიტყვით, ადამიანები კარგს იზამენ, თუ მათთვის განკუთვნილ მენიუს დაუბრონდებიან, რომელიც მათ ვეგანურ „ცეზარსა“ და შებოლილ კალმახს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ასევე არსებობს ხილისა და აპერიტივის დაფები როგორც პატრონებისთვის, ისე მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, გარანს ვან დერ დიუსენი კაფე „დოგუდის“თანამშრომელ კიან გასემპურთან და 4 წლის ბრეტანულ ბასეტ ისიდორთან ერთადMarc Oschinsky
გასტრონომიული ასპექტის გარდა, კაფე „დოგუდს“ სოციალური მიზნებიც აქვს: იქ დასაქმებული ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, რომლებსაც ზოგჯერ სამსახურის პოვნაში სირთულეები ექმნებათ. პროექტის ინიციატორების კიდევ ერთი იდეა მიტოვებული ძაღლებისთვის ახალი სახლის პოვნაში დახმარებაა. ამ მიზნით, კაფე ერთ-ერთ თავშესაფართან თანამშრომლობს. თვეში ერთხელ, თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი ერთ დღეს კაფეში გაატარებს იმ იმედით, რომ მას რომელიმე სტუმარი აიყვანს. ეს პაემანი შეიძლება „ერთი ნახვით შეყვარების“ მსგავსი რამ აღმოჩნდეს.
