სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ

პარასკევს, 2025 წლის 5 სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ეწვივნენ ერთი-მეორის ტერიტორიებს სასაზღვრო ზონაში – 8 აგვისტოს ვაშინგტონში ს მედიაციით მიღწეული შეთანხმების კვალდაკვალ.
სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, აზერბაიჯანისას კი – ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი.
„8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა განვიხილეთ სასაზღვრო ხაზის შესაბამისი მონაკვეთების/სექციების დემარკაციასთან და განაღმვასთან დაკავშირებული საკითხები“, – წერია მხარეთა მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში,
ამავე განცხადების თანახმად, მათ განიხილეს „საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობასთან და [აღდგენა-მშენებლობის] ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კომუნიკაციების შექმნის სფეროში მოქმედებების სინქრონიზაციის მიზნით“.
უშუალოდ რომელ სასაზღვრო რაიონებში იმყოფებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, ვის შეხვდნენ და კიდევ ვინ შედიოდა დელეგაციებში ვიცე-პრემიერების გარდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
მათ შორის, როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება, უცნობია, დელეგაციები ერთობლივად ეწვივნენ თუ არა სიუნიქის რეგიონს, – იმ ადგილს, სადაც შეთანხმების თანახმად უნდა გაიაროს „ტრამპის მარშრუტმა“.
მუსტაფაევი და გრიგორიანი ამავე დროს ხელმძღვანელობენ თავიანთი ქვეყნების კომისიებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის დელიმიტაციის საკითხებში. საგარეო უწყებების განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებმა „გაცვალეს მოსაზრებები“, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომა.
„ტრამპის მარშრუტი“
შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.
„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.
ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, – „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ – მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.
„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, – ასე მიმართა -ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.
ფორუმი