კომპანიებს, რომლებიც ჩიპების წარმოებას აშშ-ში არ გადაიტანენ, ტრამპი ტარიფებს დაუწესებს
მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების CEO-ებთან სადილამდე გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ კომპანიას, რომლებსაც ნახევარგამტარების წარმოება აშშ-ში არ გადააქვთ. აღნიშნული მუქარა ტრამპმა წარსულში რამდენჯერმე გააჟღერა, რის მიზნადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქციის შიდაწარმოების გაზრდას ასახელებს.
„მე ამაზე აქ შეკრებილ ადამიანებთან ვიმსჯელე. ჩიპები და ნახევარგამტარები – ჩვენ დავუწესებთ ტარიფებს კომპანიებს, რომლებიც წარმოებას აშშ-ში არ გადმოიტანენ. ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს ძალიან მალე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ტრამპმა ტარიფები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აქცია და მათ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად, სავაჭრო შეთანხმებების მისაღწევად და კონკრეტული ქვეყნებისა და კომპანიებისგან დათმობების მისაღებად იყენებს.
ტრამპის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები ნახევარგამტარების იმპორტზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს, თუმცა ეს არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ჩიპებს აშშ-ში აწარმოებენ, ან აღნიშნულის ვალდებულება აიღეს. ტრამპის გაჟღერებული მუქარიდან მალევე აშშ-ში ჩიპების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების გადაწყვეტილება რამდენიმე მსხვილმა მწარმოებელმა, მათ შორის TSMC-მა, Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა მიიღეს.
ტრამპის სავაჭრო პოლიტიკას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა სასამართლოს მხრიდან. ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციების მიერ ტარიფების გაუქმების გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად მიიჩნევს.
forbes.ge
