ზურაბ გურული: “ოცნებას” კიდევ აქვს იმდენი ძალა, რომ საქართველო საძირკვლამდე დააქციოს თავისი უგუნური სიჯიუტით

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი :
ცხონებული ბაბუაჩემი მიყვებოდა ხოლმე ერთ ძველ ამბავს თუ იგავს.
სოფლის ეკლესიაში წირვაზე შეკრებილ მრევლს მღვდელმა მიმართა: -გინდათ თქვენი მიცვალებულები გავაცოცხლო და დაგიბრუნოთო? –
გადაირია ხალხი სიხარულით.
-ოღონდ ერთი პირობით- უთხრა მღვდელმა, -ახლა ყველა გაყუჩდით, ჩაფიქრდით და დაიჯერეთ რომ გაცოცხლდებიანო -.
გაყუჩდა მრევლი. ჩაფიქრდა. ბოლოს რიგრიგობით გამოტყდნენ, -ვერ დავიჯერეთ, მამაო, მართლა შეიძლება რომ გაცოცხლდნენო?-
-რომ ვერ დაიჯერეთ და არ შეგიძლიათ დაჯერება, იმიტომ ვერ გავაცოცხლებო – გაეცინა მღვდელს.
ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმის დაჯერების შეუძლებლობაა, რომ ოპოზიციას თუნდაც მინიმალური შანსი აქვს გამარჯვებისათვის. ამიტომ, ნებისმიერი საუბარი ამ თემაზე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბევრი აქვთ დასაკარგი და შესაძლო ანგარიშსწორების სუსხიც იგემეს, წყლის ნაყვაა.
ცალკე საკითხია ის, თუ რისი სჯერა თავად ოპოზიციას.
ერთადერთი, რასაც არაფრის დაჯერება და რწმენა არ სჭირდება, ობიექტური რეალობაა და ამ რეალობის მიხედვით “ოცნებას” სასიცოცხლოდ სჭირდება ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენა, რადგან კარგად იციან, რომ მარტოდ დარჩენილებს ბოლომდე გადასანსლავს და მოინელებს, ზუსტად ისე, როგორც თავად რუსეთს ჩინეთი. ის მაროდიორული ეკონომიკა, რომელიც არაფერ კონკრეტულს არ ეფუძნება და ამჟამად კეთილდღეობის ილუზიას ქმნის, საპნის ბუშტივით გასკდება, როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება.
ეს იცის “ოცნებამ” და რაღაც “დათმობების” ილუზიას ქმნის, რომ ამით დასავლეთთან საუბრების დაწყება შეძლოს.
4 ოქტომბრის თარიღის დაფიქსირება იყო ალბათ ყველაზე ჭკვიანური და ეფექტური სვლა, რაც ოპოზიციას ოდესმე გაუკეთებია. საკმარისია იმ დღეს “ოცნებამ” რაიმე სახით იძალადოს ხალხზე, რომ ყველა ეს მოსამზადებელი სამუშაოები დასავლეთთან დიალოგის აღსადგენად, წყალში გადაყრილი იქნება.
ერთია მხოლოდ, “ოცნებას” კიდევ აქვს იმდენი ძალა, რომ საქართველო საძირკვლამდე დააქციოს თავისი უგუნური სიჯიუტით. და ოპოზიციას კი არა აქვს იმის ფიზიკური ძალა, რომ ამ პროცესს წინ აღუდგეს.
ამიტომ, იდეალური გამოსავალი იქნებოდა …
გარდამავალი მთავრობა.