სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბარი რადიკალური ოპოზიციის სახეს აჩვენებს.
„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს. როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის [ლევან ხაბეიშვილის და პაატა ბურჭულაძის] საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, გამუდმებით საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით?! ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ვპირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე, ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.
