„პირბადეების საქმეზე“ მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეა – მშვენიერაძე გამოკითხვაზე მივიდა

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეზე, – რომლის ფარგლებშიც მათ ანგარიშები დაუყადაღეს და რომლის დასახელებაშიც ფიგურირებს „საბოტაჟი“, – ერთ-ერთი მათგანის, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა გამოკითხვაზე.
„დღეს გამოკითხავზე ვარ დაბარებული ე.წ პირბადეების საქმეზე. ჩემთვის უცნობია, რა კითხვები ექნება პროკურატურას, მაგრამ ამ საქმეზე ბევრად მნიშვნელოვანია, რაც საზოგადოების მთავარი გამოწვევაა – უვიზო მიმოსვლის საფრთხე, რაზეც სრული პასუხისგემბლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, – განუცხადა მშვენიერაძემ ჟურნალისტებს 4 სექტემბერს, სასამართლოში შესვლამდე.
„ავტორიტარული რეჟიმებისთვის ორგანულად მიუღებელია დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს არის მიზეზი, რატომაც „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეკომპანია ფორმულა“ არიან სახელისუფლებო ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მან.
„ეს არის მიზეზი, რატომაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები არიან ციხეში მწყვდეულები, ეს არის მიზეზი, რატომღაც ერთპარტიული მმართველობაა ჩამოყალიბებული საქართველოში და, ცხადია, ამ მოცემულობაში სამოქალაქო საზოგადოებაც არის მისთვის პრობლემა“, – თქვა მშვენიერაძემ.
„იმ ფონზე, როდესაც ციხეში ძალიან ბევრი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან, სასამართლო უსჯის მართ პატიმრობას, საუბარია სინდისის პატიმრებზე, როდესაც ციხეში არიან ჟურნალისტები, მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელი, მაშინ ანგარიშების დაყადაღება არ არის ჩემთვის მთავარი საკითხი“, – დასძინა მან.
განახლება: გამოკითხვა დაახლოებით 19:30 საათისთვის დასრულდა. გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ კითხვები ეხებოდა მის ფეისბუკ-პოსტებსაც:
· „საუბარი იყო ძირითადად, მაგალითად, რატომ მიმაჩნია, რომ ნოემბერი-დეკემბრის აქციები არის კარგი და მნიშვნელოვანი“;
· „იყო საკითხი დასმული, ვინ იყო 2024 წლის ნოემბრის პროტესტი ორგანიზატორიო. მე დავუსახელე ეს ორგანიზატორი – ბატონი ირაკლი , რომელმაც საკუთარი განცხადებით მთელი საქართველოს მობილიზება უზრუნველყო… იმედია, ბატონ ირაკლის ჰკითხავენ, რატომ იმოქმედა და მოქმედებს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ“
· „იყო კითხვები შესყიდვების დოკუმენტებთან… არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“.
წინა დღეს, 3 სექტემბერს სასამართლოს ჩვენება მისცა „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ. ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
5 სექტემბერს დაგეგმილია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის გამოკითხვა.
„გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში დაიწყო და რომლის ფარგლებშიც გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ მიმდინარეობს“, – წერს ორგანიზაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება“.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა“, – წერია მათ მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი