საუბარი ძირითადად იყო იმაზე, რომ აქციები, რომელიც ქუჩაში იმართებოდა ნოემბერში და დეკემბერში, რატომ მიმაჩნია, რომ არის კარგი და მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მშვენიერაძის განცხადებით, კითხვები დაუსვეს ასევე იმის შესახებ თუ ვინ იყო 2024 წლის პროტესტის ორგანიზატორი.
„პროკურატურის წარმომადგენლებს ან არ ჰქონდათ წაკითხული ორგანიზაციის წესდება ან აინტერესებდათ, მე რამდენად კარგად ვიცოდი იმ ორგანიზაციის წესდება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.
მათ ჰქონდათ შეკითხვები ჩემს ზოგიერთ „ფეისბუქ“ პოსტთან დაკავშირებით. ამაყი ვარ, რომ ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც ბევრს დავწერ. საუბარი ძირითადად იყო მაგალითად იმაზე, რომ აქციები რომელიც ქუჩაში იმართებოდა ნოემბერში და დეკემბერში, რატომ მიმაჩნია, რომ არის კარგი და მნიშვნელოვანი. იყო საკითხი დასმული, თუ ვინ იყო ორგანიზატორი 2024 წლის პროტესტის. მე დავუსახელე ორგანიზატორი, რომ ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოვიდა განცხადებით 28 ნოემბერს და მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო. ასევე ზოგიერთი კითხვა იყო დაკავშირებული შესყიდვების დოკუმენტებთან. რაზეც მქონდა ინფორმაცია გავუზიარე“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების” , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” , ა(ა)იპ „საფარის” , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის – ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა.
