„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან ხარაბაძე, რომელიც სუს-ის უფროსის ანუ მამუკა მდინარაძის მოადგილედ დაინიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიციის ღირსეული თანამშრომელი იყო.
ასე უპასუხა კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც კობახიძეს ჰკითხა:
ტვ პირველის ჟურნალისტი: „ლევან ხარაბაძე, რომელიც მამუკა მდინარაძის მოადგილეა, 2009 წელს იყო ვერის პოლიციის უფროსი და მონაწილეობას იღებდა ადამიანების დარბევაში. თქვენ ამომრჩეველს ჰპირდებოდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაასრულებდით, გაასამართლებდით და ა.შ. ახლა კიდევ „ნაცების“ დროს მოძალადე ძალოვნებს ნიშნავთ მაღალ თანამდებობაზე. ეს ორმაგი სტანდარტი არის?”.
ირაკლი კობახიძე: „ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი [ენმ-ს დროს] და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ.
პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევანი არის ღირსეული კაცი… რა თქმა უნდა, ლევან ხარაბაძე [„ნაცების დროს“] პოლიციელი იყო, როგორც 25 ათასი კაცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს დანიშნულ მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს. სუს-ის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუ-სის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის წარსულში, მათ შორის „ქართული ოცნების“ მმართველობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მათ შორის იყო გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
