პუტინი კიმ ჩენ ინს პეკინში შეხვდა და მოსკოვში დაპატიჟა

ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება, რომელიც დღეს, 3 სექტემბერს გაიმართა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გავრცელებული ცნობებით, ფხენიანი სთან ომში რუსეთის დასახმარებლად კიდევ რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას აპირებს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჯერ დელეგაციებთან ერთად, შემდეგ კი პირისპირ შეხვდნენ.
პეკინში გამართული შეხვედრის იმ ნაწილში, რომელიც პრესისთვის საჯარო იყო, პუტინმა კიმს მადლობა გადაუხადა კურსკის ოლქის გათავისუფლებაში დახმარების გამო და უკრაინის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ამ ოპერაციაში ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობას უწოდა „ნეონაციზმთან თანამედროვე ბრძოლა“. პუტინმა კიმ ჩენს ინს ისიც უთხრა, რომ ბოლო ხანს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობამ „განსაკუთრებულად მეგობრული და სამოკავშირეო ხასიათი შეიძინა“.
რუსეთის სახელმწიფო მედიას მოჰყავს კიმ ჩენ ინის სიტყვებიც, რომ თუ პუტინისა და რუსი ხალხისთვის რაიმეს გაკეთება შეუძლია, ან უნდა გააკეთოს, ეს „ძმურ ვალად” მიაჩნია.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ პუტინმა კიმი ავტომობილამდე მიაცილა და მოსკოვში დაპატიჟა.
2 სექტემბერს სააგენტო Yonhap-მა სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეა აპირებს რუსეთში გაგზავნოს დამატებით 6 ათასი სამხედრო. სააგენტოს თანახმად, 2024 წლიდან ფხენიანმა მოსკოვს უკრაინის არმიასთან კურსკის ოლქში საბრძოლველად დაახმარა დაახლოებით 13 ათასი სამხედრო, რომელთაგან 2 ათასამდე მოკლულია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. ამის შემდეგ, 28 აპრილს ფხენიანმა თავადაც დაადასტურა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნის ფაქტი, რის შესახებაც პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომიდან ვრცელდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურის, სი ძინპინის მთავარი სტუმრები იყვნენ „იაპონელ დამპყრობლებთან ჩინელი ხალხის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების“ მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, რომელიც 3 სექტემბერს პეკინში ჩატარდა. მათ ერთმანეთთან შეხვედრებიც გამართეს.
დასავლელი ანალიტიკოსები ამას განიხილავენ ე.წ. ქაოსის ღერძის განმტკიცებად. ეს ტერმინი გულისხმობს ავტორიტარული სახელმწიფოების ჯგუფს, რომელიც დასავლეთს უპირისპირდება და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება.