(პროექტი პირველი)
ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულება – ფიზიკური შრომა, სპორტი, მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, პოლიტიკა, ექვემდებარება ობიექტურ შეფასებას (რანჟირებას).
დავიწყოთ ყველაზე მარტივით – ფიზიკური შრომით. გაწეული სამუშაოს ოდენობა ადვილად იზომება ობიექტური პარამეტრებით: ცალობით, მოცულობით, წონით, ტვირთის გადაადგილების მანძილით და ა.შ.
სპორტის მრავალ სახეობებშიც შეიძლება სპორტსმენების იერარქიაში მათი ზუსტი ადგილის დადგენა. აქაც არსებობენ ადვილად შედარებადი პარამეტრები: კილოგრამები, ქულები, დისტანციის დაძლევის წამები ან სხვადასხვა რანგის მეტოქეებთან ორთაბრძოლებში გამარჯვებები. ამავე დროს, სპორტის გარკვეულ სახეობებში, როგორიცაა მხატვრული ტანვარჯიში, წყალში ხტომები და ა.შ., საჭირო გახდა სუბიექტური ფაქტორის შემოყვანა – მიუკერძოებელი არბიტრების ინსტიტუციონალიზაცია. ყოველი მოცემული შეჯიბრებისთვის მსაჯთა ჟიურის შემადგენლობაში ინიშნება არბიტრები, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ ტურნირზე მოასპარეზე ქვეყნებს. პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად, მსაჯის “პირად კაპიტალს” წარმოადგენს მისი რეპუტაციაც: ნებისმიერი მიკერძოება ან შეცდომა, გამორიცხავს მის მონაწილეობას პრესტიჟულ შეჯიბრებებში, რაც აისახება მის შემოსავალზე.
ოდნავ უფრო რთულია შეფასება ისეთ სახეობებში, სადაც ჩემპიონატების ნაცვლად, სეზონის განმავლობაში ტარდება ბევრი ტურნირი და ერთბაშად, “ყველას ყველასთან” შეხვედრა შეუძლებელია როგორც, მაგალითად, ჩოგბურთში. ჩოგბურთელისთვის ქულების დარიცხვა ხდება მისი ოფიციალურ ტურნირებში მიღწეული შედეგების შეჯამებით; ტურნირებიც დიფერენცირებულია, მათში მონაწილე სპორტსმენების ჯამური რეიტინგების (ქულების) მიხედვით.
მსგავსი წესით ქულები ენიჭება მოჭადრაკეებსაც…
XX საუკუნის მეორე ნახევარში “ეშველა” მეცნიერების შრომის შეფასებას ბუნებისმეტყველების დარგში: გამომუშავებული იქნა საკმაოდ რთული, მაგრამ თავად მეცნიერთა წრეებში საყოველთაოდ აღიარებული რანჟირების სისტემა. მეცნიერის “წონა” განისაზღვრება პუბლიკაციების რაოდენობით რეიტინგულ, რეცენზირებად ჟურნალებში. ასეთ ჟურნალში, ავტორის მიერ გაგზავნილი სტატია ანონიმიზირდება რედაქციის მიერ და ეგზავნება სარეცენზიოდ სამ-ოთხ ანონიმურ ავტორიტეტულ მეცნიერს. თუ დასკვნა დადებითია, სტატია იბეჭდება ამ ჟურნალის უახლოეს ნომერში. მეცნიერის რეიტინგს აქვს კიდევ ერთი მდგენელი – ციტირების ინდექსი: რაც მეტ რეცენზირებად ჟურნალში ხდება სხვა მეცნიერების მიერ მოცემული ნაშრომის ციტირება, მით უფრო იზრდება ავტორი(ები)ს რეიტინგიც.
რა შეიძლება გაკეთდეს თვალთმაქცური “რეფორმებით” განადგურებულ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში?
უმთავრესი პრობლემაა, მართლმსაჯულებაში არსებული კადრების რადიკალური განახლება. იურიდიული განათლების მქონე სპეციალისტები მიეკუთვნებიან რამდენიმე კლასტერს:
· აკადემიური წრეები – ვინც ამზადებენ სპეციალისტებს იუსტიციის დარგში;
· მოსამართლეები;
· პროკურორები;
· შსს გამომძიებლები;
· ადვოკატურა;
პირველი ოთხი კატეგორია იღებს ხელფასს სახელმწიფოსგან და მათი სამსახურებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენსავით ავტორიტარულ ქვეყნებში, “გარანტირებულია” მხოლოდ ქაღალდზე. პრინციპში, ჩვეულებრივი კანონდარღვევების ძიება/გასამართლების მსვლელობაში, სახელმწიფო სტრუქტურები, როგორც წესი, არ ერევიან, მაგრამ თუ ოლიგარქიულ ხელისუფლებას, ამა თუ იმ საქმეზე უჩნდება პოლიტიკური ან პირადი ანგარების ინტერესი, მაშინ ირთვება მართლმსაჯულების აღმსრულებლებზე კულუარული ზეწოლის უკანონო მექანიზმი. ზეწოლის მიზანია, ხელისუფლებისთვის სასურველი იურიდიული შედეგის “დადება”. არაფორმალური მითითების არშესრულებას მოჰყვება სასჯელი, რომელმაც შეიძლება ხაზი გადაუსვას “ურჩი” იურისტის კარიერას. თანდათან, ოლიგარქიულმა რეჟიმმა გამოყო სახელმწიფოს იურიდიულ სტრუქტურებში ისეთი შემსრულებლების წრე, რომლებიც უყოყმანოდ ასრულებენ უკანონო მითითებებს. სწორედ ოფიციალური იურისტების ამ, “ყველაფერზე წამსვლელ” ნაწილს, ეძლევა პრიორიტეტი კარიერულ დაწინაურებაში. ამგვარად, მართლმსაჯულების “პირამიდის” ხელმძღვანელი რგოლები ივსება არა საუკეთესო პროფესიონალებით, არამედ ყველაზე მორჩილი კადრებით. “გარედან” მართული მართლმსაჯულება, ქმნის საფუძველს ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური დევნისათვის, თეთრი ძაფით ნაკერი სისხლის სამართლის გამოგონილი საქმეების მეშვეობით. მეორე მიმართულება, რომლისთვისაც ხელისუფლებას “ჭირდება” მორჩილი იურისტები, არის ზედა ეშელონებში კანონდარღვევების ჩაფარცხვა.
სახელმწიფო სამსახურში მომუშავე იურისტების ჩამოთვლილ კატეგორიებში, დაახლოებით 400-400 სპეციალისტია დასაქმებული, ადვოკატურის სფეროში კი, 2000-ზე მეტი. ადვოკატურის 2000-იანი კლასტერი წარმოადგენს საკმარისზე მეტ საკადრო რეზერვს, აღმასრულებელ სისტემაში ნდობადაკარგული, მორჩილი იურისტების ჩასანაცვლებლად. ადვოკატურაში, სახელმწიფო იურისტებისაგან განსხვავებით, ყოველი ადვოკატი მუშაობს კოლეგების პროფესიული კონკურენციის უმკაცრეს პირობებში – უუნარო ადვოკატს, რომელიც აგებს პროცესებს – არავინ დაიქირავებს.
ფართო კვლევის ჩატარებისათვის, რომლის უშუალო მიზანი იქნება მართლმსაჯულების საკადრო განახლება, მერიტოკრატიის პრინციპის გამოყენებით, დასავლეთი არ დაიშურებს სათანადო საგრანტო დაფინანსებას.
საკადრო რეფორმის მომზადებისათვის, საჭიროა სახელმწიფომ ჩაატაროს ჩაღრმავებული დახურული და, ამავე დროს, ანონიმური სოციოლოგიური კვლევები იუსტიციის სისტემის ყველა კლასტერში, რომლებიც დაადგენენ პროფესიონალიზმისა და ნდობის შიდა რანჟირებას კოლეგების წრეში. ალბათ ანალოგიური ანონიმური ანკეტირება უნდა ჩატარდეს მსჯავრდებულებს შორისაც, მათ საქმეებში მონაწილე იურისტების შეფასების დასადგენად.
იუსტიციის სახელმწიფო მუშაკების მიმართ საზოგადოებას აქვს ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პრეტენზია: თანამონაწილეობა უსამართლო განაჩენების გამოტანაში. ეს ეხება, როგორც უდანაშაულო პირების დასჯას, ასევე პირიქით, ხელისუფლებისთვის “სასურველი” დამნაშავეების სასჯელისგან უსამართლო თავის არიდებას. პატიმრობაში უდანაშაულო ადამიანის გაშვება იგივეა, რაც “თავისუფლების უკანონო აღკვეთა”, რომელიც სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაულია. განსხვავება იმაშია, რომ უსამართლო ქვეყანაში ე.წ. მართლმსაჯელების მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა გამაგრებულია სახელმწიფოს “კურთხევით”. თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ყველაზე შესაბამისი სასჯელი არის იუსტიციის მიკერძოებული თანამშრომლების თავისუფლების სიმეტრიული აღკვეთა კანონიერი განაჩენის საფუძველზე. უსამართლო განაჩენის გამოტანისთვის პასუხი უნდა აგოს ფალსიფიცირებული საქმის ყველა ეტაპის მონაწილეთა სრულმა ერთობლიობამ, შსს გამომძიებლიდან – თავად მოსამართლემდე. პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესის ეტალონად საზოგადოების აღქმაში დამკვიდრდა ნიკა გვარამიას 3,5 წლიანი პატიმრობის უკანონო განაჩენი. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რომ 3,5 წელი გაატაროს ციხეში, საზოგადოებას, გვარამიას კეისისგან განსხვავებით, ეცოდინება, კონკრეტულად რა დანაშაულისთვის იხდის ციხეში სასჯელს მსჯავრდებული ჩხიკვაძე.
კიდევ ერთი სენი მოედო არა მარტო იუსტიციას, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებას და ხელს უშლის ქვეყნის მოდერნიზაციას. ეს გახლავთ ყოვლისმომცველი სიცრუის ჭაობი, რომელშიც იძირება ჩვენი სამშობლო. ტყუის ყველა, დამლაგებლიდან დაწყებული, სახელმწიფოს ლიდერებითა და სულიერი მოძღვრებით დამთავრებული. მართლმსაჯულებაში ფიცის ქვეშ ცრუ ჩვენება გადაიქცა რუტინულ მოვლენად…
მართლმსაჯულება სხვა არაფერია, თუ არა სიმართლის დადგენის პროცესი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩარჩოებში. ამ პროცესში, მცირე დოზითაც ტყუილის შემოტანა გვაშორებს მთავარ მიზანს – სიმართლის დადგენას. ჩვენი ქვეყანა, სადაც უკანონო ფარული მიყურადება, ლამის “კანონად” იქცა, ერთ სულ მოსახლეზე ვიდეოკამერების ოდენობით, მსოფლიოში “საპატიო” ადგილს იკავებს. შსს-მ შეიძინა ათასობით სამხრე ვიდეოკამერა, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში უმეტეს წილად ირკვევა ხოლმე, რომ პოლიციელებს საერთოდ არ უკეთიათ ეს კამერები ან დამჯდარია აკუმულატორი. ბევრია შემთხვევები, როდესაც ათობით “ქუჩის კამერა”, ძალოვნებისთვის “საინტერესო” უბანში ერთბაშად “ფუჭდება”, ან ჩანაწერი ქრება, როგორც ეს მოხდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის დროს; ან აფგან მუხტარლის გამტაცებლების აზერბაიჯანის საზღვრისკენ გადაადგილების მარშრუტზე; ან გავრილოვის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა “ოფიციალური” კამერის ჩანაწერების გაქრობისას… ასეთ შემთხვევებში, ოლიგარქიულ ხელისუფლება ვიდეომტკიცებულებებს ანადგურებს იმიტომ, რომ “ჭირდება” მათი ჩანაცვლება სასურველი ცრუ-მოწმეების ზეპირსიტყვიერი ჩვენებებით. ვინაიდან დღეს არსებული კანონმდებლობა “ვერ იმჩნევს” მატერიალური ნივთმტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით უკანონო მანიპულაციებს, საჭიროა ამ კანონების რევიზია გამკაცრების მიმართულებით. მაგალითისთვის მოვიყვან მხოლოდ ორ მარტივ ინიციატივას:
· მორიგეობის წინ, ძალოვანი უწყების თანამშრომელი ხელმოწერით იბარებს საცავიდან ტაბელურ იარაღს და ვაზნებს; წინადადება: იარაღის და ვაზნების ჩაბარებასთან ერთად თანამშრომელი უნდა იბარებდეს სამხრე კამერას მუშა მდგომარეობაში და ამას, ასევე, აფიქსირებდეს ხელმოწერით;
· წინადადება: სასამართლოს უნდა აეკრძალოს იმ საქმეებში წერილობითი ოქმების (დაკავება, დაკითხვა, მოწმეების ჩვენება და ა.შ.) დასაშვებად ცნობა, რომლებსაც არ ახლავს უწყვეტი ვიდეოვერსია.
იმისთვის, რომ არ შეიქმნას აღქმა, თითქოს ყოველი მომდევნო ხელისუფლება ისევ და ისევ უბრუნდება რეპრესიების ჯადოსნურ წრეს, მართლმსაჯულებაში ჩადენილი დანაშაულების გასამართლება უნდა მოხდეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ასეთ სასამართლოებს ექნება ორი დადებითი მხარე: შეიქმნება მოქალაქეების აქტიური ფენა, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება ნებისმიერი ადამიანის გასამართლებას და გამოირიცხება სასამართლოს პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენება.
იუსტიციის სისტემის რეფორმა გააჯანსაღებს მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთობას; ჰიპერტროფირებულ სადამსჯელო ფუნქციების მატარებელი სტრუქტურები დროთა განმავლობაში საზოგადოების თვალში გადაიქცევიან სამართლის დაცვის ინსტიტუციებად.
გარე სამყაროსთვის კი ჩვენი მართლმსაჯულების გამართული მუშაობა საფუძველს დაუდებს საქართველოში სერიოზული კაპიტალის ინვესტირებას.
აღწერილი პროექტის რეალიზაცია შესაძლებელი გახდება მხოლოდ “ოცნების” სახლში გაშვების მერე.