ირაკლი ქადაგიშვილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე – ეს არის დასკვნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხდებოდა კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლების უხეში დარღვევა

ეს დოკუმენტი [საგამოძიებო კომისიის დასკვნა] მთლიანად ფაქტებზე, სასამართლო გადაწყვეტილებებზე, კონკრეტული პირების ჩვენებებზე, ფაქტების ანალიზზეა დაყრდნობილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის ფარგლებში 2008 წლის ომთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, თავისი არაკომპეტენტური ქმედებებით, ნაკლებად ეფექტური გახადა ჩვენი ჯარის ქმედებები.
„ეს არის დასკვნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ყველა ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა – ადამიანების წამება, ქონების და ბიზნესის წართმევა, მედიაზე პირდაპირი შეტევა და მედიასტრუქტურების ხელში ჩაგდება… ეს იყო აგრეთვე ის პოლიტიკური საკითხები, რომელმაც საქართველოში, ფაქტობრივად, რუსული ოკუპაციის განხორციელების საშუალება გახადა. მათ შორის, ეს ეხება 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ იმდროინდელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, თავისი არაკომპეტენტური ქმედებებით, რაც ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით არის აღწერილი, ნაკლებად ეფექტური გახადა ჩვენი ჯარის ქმედებები. სამხედრო ოპერაციებში არაკომპეტენტური ჩარევების შედეგად და მართვის სამხედროთა ხელიდან არაკომპეტენტურ ადამიანთა და პოლიტიკოსთა ხელში გადატანა სამხედრო მარცხის ერთი მიზეზი გახდა. ამან რუსეთს საშუალება მისცა ამ აგრესიისა და ოკუპაციის განხორციელებისა”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც სამხედრო ქმედებების განხორციელების პერიოდი დადგა, მთლიანად უგულებელყოფილი იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილო კომპეტენტური სამოქმედო გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ეყრდნობოდა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილ გეგმას.
„საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკური ქმედებების ერთობლიობით არასწორი პოლიტიკა აწარმოა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში. როდესაც სამხედრო ქმედებების განხორციელების პერიოდი დადგა, მთლიანად უგულებელყოფილი იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილო კომპეტენტური სამოქმედო გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე ეყრდნობოდა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნილ გეგმას. ის კატეგორიულად არ ითვალისწინებდა სამხედრო მოქმედებების წარმართვას ცხინვალზე – ეს კომპეტენტური სამხედრო გეგმა გულისხმობდა იმგვარ მოქმედებებს, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით წარმატების ყველაზე მაღალ ალბათობას წარმოადგენდა. შს მინისტრის, ს და თავდაცვის მინისტრის, რომელიც არაკომპეტენტური იყო ამ მიმართულებით, ქმედებებითა და დავალებით გეგმა უგულებელყოფილი და შეცვლილი იყო. ძირითადი როლი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა, რამაც გამოიწვია მთელი რიგი ფატალური გაუგებრობები და ნაბიჯები, რამაც ქართული ჯარი არასწორი საბრძოლო მართვის პირობებში ჩააგდო”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.