“სუბსიდირებიდან გამოსვლა ეტაპობრივი პროცესია, რაც გაკეთდა, ალბათ კარგია, უბრალოდ სქემა არ შეცვლილა” – გიორგი სამანიშვილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის შეფასებით, რთველი მხარდაჭერის პროგრამაში შესული ცვლილებები ცალსახად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ სუბსიდირებიდან გამოსვლა დაიწყო. მისი თქმით, ეს მომავალ წელს გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, წელს მათ შორის ფასების წინასწარ გაცხადებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კი მისასალმებელია.
“სუბსიდირებიდან გამოსვლა ეს ეტაპობრივი პროცესია. ის რაც გაკეთდა, ალბათ კარგია, უბრალოდ სქემა არ შეცვლილა. წინა წლებში იყო, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდდა, დამატებით კერძო კომპანიებს კი სუბსიდიას უხდიდა, ყურძნის გარკვეულ ღირებულებაზე უმატებდა თანხას. ეს მეორე პროგრამა, თანხის დამატება, ფაქტობრივად, უკვე არარელევანტური, მოძველებული იყო და ძალიან კარგია, რომ გაუქმდა. დარჩა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ყურძნის შესყიდვა. ასევე ყურძნის ფასი გამოცხადდა რთველის დაწყებამდე. ესეც მისასალმებელია, იმიტომ, რომ მევენახეებმაც, მეღვინეებმაც დაახლოებით იციან სახელმწიფო რა მინიმალურ ფასს აწესებს ყურძენზე”, – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
როგორც ცნობილია, წელსაც როგორც შარშან ბაზარზე ჭარბ ყურძენს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანია ჩაიბარებს. გიორგი სამანიშვილის თქმით, იქამდე სანამ რთველის სუბსიდირება მოხდება ბაზარზე ჭარბი ყურძენი ყოველთვის იქნება. მისი თქმით, ამ პროცესში არც ფერმერს აქვს მოტივაცია ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, რადგან გარანტირებულად იცის, რომ სახელმწიფო მის ყურძენს მაინც შეიძენს.
“სიტყვა ჭარბი ყურძენი ცოტა ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ჭარბი ყურძენი, როცა დაიხურა ს ბაზარი, მაშინ იყო, რომელიც ვერ მუშავდებოდა, შემდეგ სუბსიდიის პრინციპი გამოიგონეს, მაგრამ გაიხსნა რუსეთის ბაზარი, დღეს ამ ბაზარზე ექსპორტი გაზრდილია, გასამმაგებულია ფაქტობრივად, წინა წლებს რომ შევადაროთ. ანუ ექსპორტი იზრდება, თუმცა იზრდება ჭარბი ყურძნის რაოდენობაც. მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ჭარბ ყურძენს ბაზარზე აჩენს სუბსიდირება. რაც უფრო მაღალი იქნება სუბსიდირება, მით მეტი ჭარბი ყურძენი გვექნება ბაზარზე, რაც ნაკლები, მით მეტად იპოვის ეს ყურძენი თავის დანიშნულებას.
სანამ მევენახეს აქვს არჩევანი, ყურძენი ჩააბაროს მეღვინეს, რომელიც ხარისხს ითხოვს და რაღაცებს ამოწმებს, თუ ჩააბაროს სახელმწიფოს, რომელიც იგივე ფასს იხდის, მაგრამ არაფერს არ უყურებს, მაშინ ყოველთვის ურჩევნია ჩააბაროს სახელმწიფოს.
დღეს, სამწუხაროდ, ტექნოლოგიები ისე არის განვითარებული, ყველა მევენახეს შეუძლია სამჯერ მეტი მოსავალი მოიყვანოს, ვიდრე ხარისხიან ყურძენს სჭირდება და სამჯერ მეტი ნიშნავს, რომ სამჯერ ცუდი ყურძენი ჩნდება ბაზარზე. ასე რომ, თუ უხარისხო ყურძნის შესყიდვა არ წახალისდება, ანუ სახელმწიფო თუ არ იყიდის ბევრ ყურძენს, რომელსაც კერძო სექტორი არ ყიდულობს, ეს პროცესს გააჯანსაღებს”, – აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
2025 წლის რთველს სექტორი განსხვავებული პირობებით ხვდება – კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი “მოსავლის მართვის კომპანია” შეიძენს. წელს სახელმწიფომ დაადგინა ყურძნის ფასიც და ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ღირებულება კილოგრამზე 1.50 ლარით განისაზღვრება. ეს იქნება ფასი, რომელსაც ღვინის სახელმწიფო კომპანია მევენახეებს გადაუხდის. სხვა ჯიშის ყურძენზე, მათ შორის რქაწითელზე შესასყიდი ფასი კილოგრამზე 1.20 ლარით განისაზღვრება. ხოლო დაზიანებული ყურძნის ჩაბარების ღირებულება 1 ლარი იქნება.