2 სექტემბრიდან, ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოებისა და შეხვედრების ციკლი „ის, რაც გვაერთიანებს“ იწყება

2 სექტემბრიდან, ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოებისა და შეხვედრების ციკლი „ის, რაც გვაერთიანებს“ იწყება. საღამოები თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
„გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს – ჩვენი მდიდარი და უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა და განვამტკიცოთ ეროვნული თვითმყოფადობდა. ეს ინიციატივა ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს და მისი მიზანია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ამ თარიღის გამორჩეული მნიშვნელობა და განიცადოს პირადი პასუხისმგებლობა საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნის გამო. პირველი საღამო ჩატარდება თბილისში, 2 სექტემბერს და შემდეგ გაგრძელდება რეგიონებში.
ღვთის განგებით, ქართლის მოქცევა ღვთისმშობელს ხვდა წილად. უფლის დედამ საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ანდრია პირველწოდებული წარმოგზავნა. სამი საუკუნის განმავლობაში ღვთისმშობელი ამზადებდა ჩვენს ერს ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო აღიარებისათვის. ეს პროცესი წმინდა ნინოს ქადაგებით დაგვირგვინდა IV ს-ის დასაწყისში, 326 წელს. მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას მოქცევის შემდეგ მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღსრულდა ქართველი ერის საყოველთაო ნათლობა. მომავალ 2026 წელს ჩვენი ქვეყანა იზეიმებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.
ქართლის ნათლისღებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი გამთლიანების პროცესი დაიწყო. 2000 წლის განმავლობაში ქრისტიანული სარწმუნოება აყალიბებდა ჩვენი ხალხის თვითმყოფადობას. ღვთისმშობლის მფარველობამ და მცხეთაში დავანებულმა უფლის კვართმა სრულად განმსჭვალა ქართველი კაცის ცხოვრების წესი – უფლის მადლზე დაფუძნებული ღვთისა და მამულისადმი თავდადებული და ერთსულოვანი მსახურება. ქრისტიანულმა სინერგიულმა ცნობიერებამ და ცხოვრების წესმა არა მარტო გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე, არამედ შეგვაძლებინა მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა საკაცობრიო კულტურის საგანძურში. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განმტკიცება დაგვიცავს აწმყოში და მოგვანიჭებს მშვიდობიან მომავალს.
ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის აღნიშვნის მიზანი, გარდა ღვთისა და ჩვენი დიდი წინაპრებისადმი მადლიერებისა, ასევე, გახლავთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობები და ტრადიციები გამოწვევებით აღსავსე თანამედროვე მსოფლიოში. სჯულის ხმლითა და მოწამეობით დაცვა მე-19 და მე-20 საუკუნეებში სულიერი და ინტელექტუალური ბრძოლის ფორმებმა შეცვალა. თანამედროვე მსოფლიო დგას ორი უმთავრესი მსოფლმხედველობრივი გამოწვევის წინაშე, ესენია: რელიგიური და ანტირელიგიური რადიკალიზმი. გლობალიზაციის პირობებში ის რაც ხდება მსოფლიოში, მყისიერად აისახება ნებისმიერ ქვეყანაზე და, ბუნებრივია, საქართველოზეც. ზემოაღნიშნული როგორც ერთი, ისე მეორე ცდომილება უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველთა საფუძველს – სულიერი და ინტელექტუალური მოღვაწეობის თანაარსებობას.
ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, უფლის მეორედ მოსვლის წინ ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი დაკარგავს ჯანსაღ სარწმუნოებას. ღვთისმშობლის წილხვედრი ერის დანიშნულებაა სარწმუნოებისაგან განდგომილების ჟამს შეინარჩუნოს სინერგიული ცნობიერება და ცხოვრების წესი. ამ მიზნის გარშემო გაერთიანება საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თითოეული მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია. ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილეს აღნიშვნა არის ამ მიზნის გარშემო ერის შემოკრებისა და გაერთიანების საუკეთესო საშუალება. გავიხსენოთ ის, რაც გვაერთიანებს. ვაშენოთ ის, რაც გვამთლიანებს.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება დაგვიცავს უკიდურესობებისაგან და ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის სამშვიდობო გზაზე გაყვანას შეგვაძლებინებს“, – ნათქვამია ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პოპულარიზაციის სამეცნიერო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ცნობით, საიუბილეო საღამოს „ის, რაც გვაერთიანებს“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: დავით მუსხელიშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ავთანდილ არაბული, დავით ლორთქიფანიძე, ნინო სუხიშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, კახა ჩიტაია, რეზო კორინთელი, ნინო ჭავჭავაძე, ნატო მეტონიძე, გიორგი თევდორაშვილი, მაკა იოსელიანი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა ასათიანი, გიორგი ჭეიშვილი და თამაზ ჯოლოგუა.