თბილისის მერობის საერთო კანდიდატად იტესტებოდა რამდენიმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელი და გვარი. მაინც საზოგადოებამ უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭა პოლიტიკოსს – ამომრჩეველთა სრული უმრავლესობა, ვინც კი მხვდება, აპირებს არჩევნებზე წასვლას, ერთეული შემთხვევები არის, როცა გვეუბნებიან, რომ არ სჯერათ საერთოდ არჩევნების, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავ რჩება იმ პოზიციაზე, რომ თბილისის დაბრუნება და „ქართული ოცნებისთვის“ გამოგლეჯა შესაძლებელია.
„[თბილისის მერობის კანდიდატზე] მსჯელობა მიდიოდა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა მცდელობა, მათ შორის, დაგვეინტერესებინა უპარტიო კანდიდატები. გადაწყვეტილება მივიღეთ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც არსებობდა. მათ შორის სოციოლოგიური კვლევა და ხალხის აზრი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, სიახლეზე აქცენტირება და ა.შ. ამიტომ დადგა ეს გადაწყვეტილება – პასუხისმგებლობა, ტვირთიც, პატივიც მერგო, რომ ვიბრძოლო ამ ქალაქის დასაბრუნებლად, რაც ჩვენს ვითარებაში ბევრი პრობლემით არის გაჯერებული. ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება უსამართლო. შეუძლებელია სამართლიანი იყოს არჩევნები, როცა აპრიორი, წინასწარ იცი, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულია ყველა პარტიის ლიდერი. გიორგი გახარიაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას არჩევანი აქვს გაკეთებული, რომ არ დააჭერინოს თავი. მეორე ფაქტორია, მოსალოდნელი გაყალბების, ზეწოლის, მუქარის შესაძლებლობები და ფაქტები.
მერობის უპარტიო კანდიდატების დაყოლიების პრობლემა არ არსებობდა. საზოგადოებრივმა კვლევამ აჩვენა ის, რომ საზოგადოება პოზიტიურად აფასებს რიგ ადამიანებს, მაგრამ მათ ჩართულობას პარტიულ პოლიტიკურ პროცესში სანახევროდ მიესალმება. უცნაური მაჩვენებელი იყო, რაც საზოგადოებაში ჩანდა და ალბათ, განპირობებულია იმ წარუმატებელი შემთხვევით, რასაც, მაგალითად, ფეხბურთელი მერი წარმოადგენს ჩვენს დედაქალაქში. ან კონკრეტული მიმართულება, სადაც კულტურის სფეროდან „ქართულმა ოცნებამ“ შეიწოვა რიგი საზოგადოებრივი სახეები, რომლებიც შემდეგ გახდნენ არც თუ ისე კომპეტენტურები, პოლიტიკურები საკუთარ გადაწყვეტილებებში. მაინც საზოგადოებამ უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭა პოლიტიკოსს, რომელსაც ეს საქმე, საკუთარი ცნობიერების, ცხოვრების სტილად აქვს ქცეული. გადაწყვეტილებაც სწორედ ასე იქნა მიღებული. იტესტებოდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე სახელი და გვარი. უარი მივიღეთ არა ამ ამ პირებისგან, არამედ უფრო საზოგადოებისგან. პოზიტიურად აფასებენ საზოგადოებრივ სახეებს, მაგრამ მათ ჩართულობას სანახევროდ მიესალმებიან.
[რაც შეეხება გიორგი გახარიასთან გერმანიაში გამართულ შეხვედრას], გახარიასთან ჩვენ გვქონდა ფინალური შეხვედრა. მანამდეც არსებობდა ასეთი შეხვედრები, უბრალოდ „ქართულმა ოცნებამ“ ახლა სუს-ი დაგვადევნა. იმის ნაცვლად, რომ კორუფციას ებრძოდნენ, ებრძოდნენ რეალურად ამ ქვეყანაში ჯაშუშებს და მთავარ პრობლემებს, სუს-ს სცალია იმისთვის, რომ გერმანიაში პოლიტიკოსს პირად შეხვედრაზე მიყვებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ შეხვედრაზე გავაფინალურეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მაშინ, როცა სხვა პოლიტიკურ ველზე რიგი პარტიები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან, ჩვენ ვცდილობთ და უკვე წარმატებით ვცადეთ, რომ გავაჩინოთ თანამშრომლობის და ერთობის განსხვავებული, განსაკუთრებულად პოზიტიური და კარგი სტანდარტი. „ლელო -ძლიერმა საქართველომ“ და გახარიას გუნდმა ეს შევძელით. მოვახერხეთ ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შევათანხმეთ მერები, 1000-ზე მეტი მაჟორიტარი იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ჰქვია, რომ ივანიშვილს არ მივცეთ ძალაუფლების კონსოლიდაცია.
რატომ ვერ მოვახერხეთ ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? – საპარლამენტო არჩევნების პირობებში მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი მოლაპარაკებებისთვის და პარტიული ინფრასტრუქტურის, პოლიტიკის გადაწყობისთვის. ძალიან ახლოს იყო არჩევნები მოსული. დაგვიანებული იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ის პოზიტიური სურვილი, რომ უფრო მეტი კონსოლიდაცია, უფრო მეტი ერთობა, შეთანხმება ყოფილიყო ოპოზიციურ პარტიებს შორის, არ დაგვიწყებია და ამ არჩევნებზე ეს ყველაფერი შევძელით. მაშინ უბრალოდ გვიან მოხდა ინიციატივის გამოჩენა და ამან შეუშალა, ჩემი აზრით, ხელი. სხვა რაიმე ტიპის რეალური წინაღობა არ არსებობდა, არსებობდა სრულიად სტრუქტურული, კამპანიური სირთულეები, რა პროცესშიც გადაწყვეტილება უკვე შეუძლებელი გახდა, რომ მიგვეღო. ძალიან ახლოს იყო უკვე არჩევნები.
დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას, მინდა, რომ კონკურენტის მიმართ ყოველთვის ვიყო ობიექტური. არ გვინახავს და არ მინახავს მე ქუჩაში გასული კახა კალაძე, რომელიც საზოგადოებას ესაუბრება თავისუფლად, ბაზრობებზე დადის, დადის მეტროებთან. იმ რეალურ პრობლემებს ნახულობს, რაც ამ ქალაქში არის ათი ათასობით. კამპანია გაიხსნა, ყოველდღიურად, დღის ნახევარზე მეტს ვატარებ ქუჩაში. განწყობა არის ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობაა. ამომრჩეველთა სრული უმრავლესობა, ვინც კი მხვდება, აპირებს არჩევნებზე წასვლას.
ერთეული შემთხვევებია, როცა გვეუბნებიან, რომ არ სჯერათ საერთოდ არჩევნების. ჩვენ ვეუბნებით, რომ „კი, ვიცით, რა რთული არჩევნები იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, აუცილებელია, რომ წინააღმდეგობაში დავრჩეთ და ივანიშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ 1000-იდან 1000-ვე მაჟორიტარი მოიგოს“. 2024-ში არ ვიცოდით, რომ რთული არჩევნები იქნებოდა? გაყალბების რისკები რომ იქნებოდა? ესეც ხომ ვიცოდით? მაგრამ შევედით და ვიბრძოლეთ. ჩვენი ბრძოლა რომ არა, დღეს ივანიშვილს ექნებოდა ე.წ. სრულყოფილი პარლამენტი, 150 დეპუტატიან პარლამენტში 150 დეპუტატი ეყოლებოდა, დღეს ჰყავს 89. იმიტომ, რომ შევედით, ვიბრძოლეთ და ლეგიტიმაციის ნახევარი გამოვაცალეთ. თბილისის დაბრუნება და გამოგლეჯა არის შესაძლებელი. ეს დამოკიდებულია საზოგადოების ჩართულობაზე. ყველა კვლევა მიუთითებს, რომ, თითქმის 70% არის პროდასავლური ოპოზიცია დედაქალაქში, 23%-ზე ჩამოვიდა „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის მხარდაჭერა. ამ ვითარებაში, თუ ეს 70% გადაწყვეტს და ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს არჩევნებზე წასვლა, ამ პირობებში, შეუძლებელია, რომ 23%-დან უმრავლესობამდე ამოქაჩოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც კიდევ უფრო დაზიანებულია. 2024-ის არჩევნები ხომ გაყალბდა? გაყალბების პირობებშიც კი თბილისი მოვიგეთ. იმიტომ, რომ თბილისში ბევრად ნაკლებად მუშაობს ზეწოლის მექანიზმები, ვიდრე რეგიონებში. მაშინ თოფიანი კაცები უნდა გამოიყენონ ჩვენ წინააღმდეგ, უნდა გვესროლონ საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო ყუთები უნდა გაიტაცონ. ან უნდა დამარცხდეს საზოგადოების ჩართულობის პირობებში, ან უნდა დაუშვას ისეთი მძიმე შეცდომები, რომელზეც პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ეს არ არის ტრადიციული თვითმმართველობის არჩევნები, ეს არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ორი მიმართულებით: ეს არის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც „რუსული რეჟიმის“, ანტიეროვნული რეჟიმის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, რეჟიმი, რომელმაც გააღარიბა, გააუბედურა დედაქალაქის მოსახლეობა. ყოველ კვირაში ხდება უმძიმესი ტრაგედია, ხან ავარიული შენობა გვეცემა თავზე, ხან პარკებში პატარა ბავშვები იღუპებიან, ზოგი ორმოში ვარდება, ზოგს დენი ურტყამს… იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალაუფლება გამოვაცალოთ, უნდა ვისაუბროთ ყველაფერზე. საზოგადოება მრავალფეროვანია, რომელსაც აწუხებს ყოფითი პრობლემები და აწუხებს ძირითადი პრობლემა. ძირითადი პრობლემა არის „რუსული რეჟიმი“, ყოფითი პრობლემა არის ის, რაც ყოველდღიურად მათ აწუხებთ და ეს მათზე გავლენას ახდენს.
თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ძალიან მძიმე, უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური დარღვევებით სავსე არჩევნები. ეს კიდევ უფრო გამძაფრდება ახლა, როგორც კი კამპანია შევა აქტიურ ფაზაში. ამ ვითარებაში, ერთადერთი რამ, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, არის ის, რომ ივანიშვილს არ მივცეთ ძალაუფლების კონსოლიდაცია. ივანიშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ 23%-იანმა „ქართულმა ოცნებამ“, სრული ძალაუფლება მოიპოვოს მთელს საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე ისაუბრებს. მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა არ შეძლოს იმ საბიუჯეტო სახსრების მისაკუთრება, რომელსაც ისევ თქვენი, როგორც მოქალაქის წინააღმდეგ იყენებს“, – განაცხადა კუპრაძემ.
რაც შეეხება კუპრაძის მიერ წარსულში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ „თბილისელი ვერასდროს გახდება“, კუპრაძის თქმით, დღეს კახა კალაძის ყველაზე ნაკლები პრობლემაა მისი სამტრედიელობა“.
„კახა კალაძის ყველაზე ნაკლები პრობლემა არის ის, რომ ის სამტრედიელია. კალაძის პრობლემა არის ის, რომ ის უკავშირდება კორუფციას, არაკომპეტენტურობას, ის უკავშირდება 8 წლის განმავლობაში ვერ გაკეთებულ მეტროსადგურ „ვარკეთილს“, რომელიც ისევ გაუბედურებული და ჩამონგრევის პირასაა. ის უკავშირდება ამ ქალაქში მომხდარ ტრაგედიებს და არ აღებულ პასუხისმგებლობას. მას არავინ ედავება ამ დედაქალაქში იმას, რომ ის სამტრედიაში დაიბადა თუ გაიზარდა. ის, რომ მე ჩემი დაბადების ადგილი მიყვარს, პატივს ვცემ და ამას განსაკუთრებულად აღვნიშნავ, მგონია, რომ ეს სრულიად ბუნებრივია. ვინც ასე არ აკეთებს, მასთან უფრო მეტი კითხვა გამაჩნია მეც, როგორც ადამიანს და მოქალაქეს“, – განაცხადა კუპრაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ირაკლი კუპრაძემ გადაცემაში ისაუბრა, 8 ოპოზიციური პარტიის მიერ 13 სექტემბერს დაანონსებული აქციაა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდი ამ აქციას არ შეუერთდება.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსთაველის გამზირი არ არის არცერთი პარტიის საკუთრება. რუსთაველის გამზირი არის „რუსული რეჟიმის“ შეცვლის წინააღმდეგ მთავარი ეპიცენტრი, ოღონდ რეჟიმის ცვლილება არის მთავარი მოთხოვნა. თუ პარტიები, ჩერგოლეიშვილი და სხვები მიისაკუთრებენ რუსთაველის გამზირს, ეს სამწუხარო იქნება, იმიტომ, რომ დამატებით გახლეჩას შეიტანს, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს სჭირდება. რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ერთი მთავარი მიზნის გარშემო, „რუსული რეჟიმის“ დამარცხების, გაძევების, სახლში გასვლისკენ მიმავალი. რაც შეეხება 13 სექტემბერს აქციას, 13 სექტემბრის აქციასა და ნებისმიერ აქციაზე, რომლის მთავარი მიზანი „რუსული რეჟიმის“ შეცვლა კი არა, მხოლოდ ბოიკოტის აქცენტირება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ არ ვიქნებით. იმიტომ, რომ ბოიკოტი არ მიგვაჩნია სწორ გზად“, – განაცხადა კუპრაძემ.
