რუბიო USAID-ის დახურვაზე იუწყება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ოფიციალურად იხურება – იუწყება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პლატფორმაზე X.
“იანვრის შემდეგ ჩვენ გადასახადების გადამხდელებს დავუზოგეთ ათობით მილიარდი დოლარი. და ძირითადი პროგრამების მცირე ნაწილის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაცემის შემდეგ, USAID-ი ოფიციალურად გადადის დახურვის რეჟიმში” – წერს რუბიო და დასძენს, რომ ლიკვიდაციის პროცესს უხელმძღვანელებს ადმინისტრაციის ადმინისტრაციული-საბიუჯეტო სამმართველოს ხელმძღვანელი, რასელ ვოუტი.
USAID-ი 1961 წელს დააარსა აშშ-ის კონგრესმა, მსოფლიოს მასშტაბით ამ ორგანიზაციაში 10 ათასამდე პირი იყო დასაქმებული. სააგენტო მსოფლიოში ახორციელებდა ჰუმანიტარულ პროგრამებს და მილიარდობით დოლარს ხარჯავდა სიღარიბესა და დაავადებებთან ბრძოლის, შიმშილისა და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისა და სხვა მსგავსი მიზნებით. გასულ წელს USAID-ის დახმარებების სამი უმსხვილესი მიმღები ქვეყანა იყო უკრაინა, ეთიოპია და იორდანია.
USAID აფინანსებდა საგანმანათლებლო პროგრამებსაც და, ასევე, პროგრამებს უფლებების დაცვისა და დემოკრატიის სფეროში – რაც ავტორიტარული ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილებას იწვევდა, ისინი ორგანიზაციას “ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში” სდებდნენ ბრალს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წლის იანვარში, თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე USAID-ის პროგრამები 90 დღით შეაჩერა და განაცხადა, რომ ამერიკის ინტერესებთან მათი შესაბამისობა უნდა შემოწმდეს.
მარტში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ პროგრამების 83% დაიხურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში