„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ $12 მილიონად „სეუ“-მ შეიძინა (bm.ge)

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” (IBSU) მფლობელი “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)” გახდა. შესაბამისი ცვლილება ბიზნესრეესტრში უკვე აისახა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-ის წილის მფლობელი 2025 წლის 27 აგვისტომდე კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო.
ბიზნესრეესტრში წარდგენილი ხელშეკრულების თანახმად, სეუ-მ უნივერსიტეტი და მისი აქტივები 12.1 მილიონ დოლარად შეიძინა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კახა შენგელიამ და სეუ-ს დამფუძნებელმა გია კეთილაშვილმა 2023 წლის თებერვალში შეიძინეს. აღნიშნულ პერიოდში კახა შენგელიას წილი 49%-ს, გია კეთილაშვილის წილი კი 51%-ს შეადგენდა; შემდგომში კი IBSU-ს 100%-ის წილის მფლობელი თავად კახა შენგელია გახდა. ამჟამად კი, შენგელიასგან უნივერსიტეტის 100%-ის წილი სეუ-მ შეიძინა, რომლის 100%-ის წილსაც გია კეთილაშვილი ფლობს. როგორც ცნობილია 2023 წელს, IBSU-ს შესყიდვა $10 მილიონ დოლარად მოხდა.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ IBSU-ს საკუთრებაში არსებული – 101,221 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს, რადგანაც ის აეროპორტის გადასახავევთან, იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 876 მილიონი ლარის ღირებულების, 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით, კვლავ IBSU-ს საკუთრებაშია. შესაბამისად, სახელმწიფომ მიწის თანხის გადახდის სანაცვლოდ გამოსყიდვის თუ ადგილმონაცვლეობის შეთავაზების შესახებ მოლაპარაკება სწორედ უნივერსიტეტის ახალ მფლობელთან უნდა აწარმოოს.
IBSU-ს ფინანსური ანგარიშგებები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 2023 წლის საქმიანობას ასახავს, უნივერსიტეტის შემოსავალმა 9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება სეუ-ს, უნივერსიტეტს გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ანგარიში, რომლის თანახმადაც, სასწავლო შემოსავალი 25.4 მილიონი ლარი იყო.