„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის” – ჯინ შაჰინი

შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის წევრი, სენატში „მეგობარი აქტის“ წარმდგენი, დემოკრატიული პარტიის წევრი ჯინ შაჰინი (ნიუ-ჰემფშირიდან) ეხმაურება შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ „ქართული ოცნების” მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“.
შაჰინი აცხადებს, რომ დგას “ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას.“
27 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. ეს ორგანიზაციებია:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ლევან მაჭავარიანის თანახმად, ორგანიზაციები „ირიბად ახალისებდნენ“, რომ აქციის მონაწილეებს „მეტი დანაშაული ჩაედინათ“. მისი თქმით, „რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“.
გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ – როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ.
მათი თქმით, კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.
ჯინ შაჰინი არის წევრი -ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა, სადაც 27 მარტს დაამტკიცეს საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული კანონპროექტი – „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI]. დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის მიერ. აქტი 5 მაისს დაამტკიცა კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, – რომლის მიღებასაც „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ გავლენას უკავშირებენ, – არის „მტრული აქტი“ საქართველოს წინააღმდეგ.
ფორუმი