გვალვამ ყველაზე მეტად კავკასიისა და ჩრდილოეთ ბალკანეთის რეგიონები დააზარალა – Euraqctiv.com
მიმდინარე ზაფხულს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გვალვის რეკორდული დონე ფიქსირდება. Euraqctiv.com-ის ცნობით, აგვისტოს პირველ ათ დღეში ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის ნახევარზე მეტი გვალვისგან დაზარალდა. უფრო კონკრეტულად კი, ძლიერმა სიცხემ ევროპის 51.3% მოიცვა, რაც (მიმდინარე საანგარიშო პერიოდისთვის) 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Euraqctiv.com წერს, რომ გვალვამ ყველაზე მეტად კავკასიისა და ჩრდილოეთ ბალკანეთის რეგიონები დააზარალა, უფრო კონკრეტულად კი ყველაზე მეტად საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიის 97% დაზარალდა, შემდეგ მოდიან ბულგარეთი და კოსოვო. სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, უნგრეთისა და მონტენეგროს ტერიტორიის სამი მეოთხედი გაფრთხილების ან საფრთხის ქვეშაა.
მიმდინარე პერიოდში ერთადერთი გაუმჯობესება ცენტრალურ ევროპაში შეინიშნებოდა. ნიადაგის ტენიანობა და მცენარეული საფარი ნორმას დაუბრუნდა გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ჩეხეთში, რომლებიც წინა თვეებში ასევე მძიმედ დაზარალდნენ.
გვალვის დონის გასაზომად გამოყენებული იქნა გვალვის ობსერვატორიის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ, ასევე თანამგზავრული სურათები ნალექების, ნიადაგის ტენიანობის და მცენარეულობის მდგომარეობის გასაზომად. შედეგები შემდეგ გვალვის სამი დონიდან ერთ-ერთად კლასიფიცირდა: დაკვირვება, გაფრთხილება და განგაში.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
