ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ანგარიშებსაც პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს, აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ. ამის შესახებ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება წაიკითხა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა.
„ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არა მხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის – უფლების ჩამორთმევაც“, – აცხადებენ სამოქალაქო ორგანიზაციები.
ისინი ამბობენ, რომ კვლავ განაგრძობენ ბრძოლას „ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ“ და გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რომ „ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს მცდელობას, “ქართული ოცნების” ქმედებების საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმების გარდა, სხვა გზა არ დაუტოვონ ევროკავშირს.
„პროკურატურამ ამ საკითხზე გაზაფხულზე დაიწყო გამოძიება, მას შემდეგ მათი მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია არ ყოფილა. და, აი, უცებ გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ.
ეს ხაზს უსვამს, რომ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა, სპეციალურად რაღაცისთვის – ჩვენ შეიძლება პირდაპირ დავუკავშიროთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიძლება იყოს მიღებული უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ეს არის მცდელობა, რომ სხვა გზა არ დაუტოვონ ევროკავშირს“, – თქვა ლევან ნატროშვილმა.
დღეს, 27 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები.
პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან, „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა თქვა, რომ ორგანიზაციები „ირიბად ახალისებდნენ“, რომ აქციის მონაწილეებს „მეტი დანაშაული ჩაედინათ“ და თქვა: „რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად, პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გასცემს“.
გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ – როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვა არსებობს.
ფორუმი
