ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

„ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ქართული ოცნება“ ახდენს! – ასე ხსნის „სამართლიან ს“ დირექტორი ლევან ნატროშვილი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის ISFED-ის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილებას.
როგორც ნატროშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ბოლო წლების პოლიტიკა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მისი მიზანია საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ გახდეს და სიკეთეები, რასაც ქვეყანა ევროკავშირისგან იღებს, აღარ მიიღოს.
რაც შეეხება პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ნატროშვილის განცხადებით, “საქართველო ავტორიტარული განვითარების იმ ეტაპზე გადავიდა, როცა არაფერი გამორიცხული არ არის და ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა“.
ნატროშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ყველა არსებულ სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.
“ეს არის “ქართული ოცნების“ მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების გასანადგურებლად გადადგმული მორიგი ნაბიჯი. სწორედ ამ მიზნით მანამდეც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა – არის ეს სხვადასხვა შემზღუდველი, არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური კანონის მიღება.
ამის გაგრძელებაა მორიგი ნაბიჯი, რომლის შესახებაც დღეს, დილით შევიტყვეთ, რომ ჩვენი ანგარიშები დაყადაღებული იყო.
პროკურატურის მხრიდან ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენს საკითხებს გარკვეულწილად ანტიკორუფციული ბიურო სწავლობდა. მათ ორი წერილი მოგვწერეს და ჩვენც ვუპასუხეთ. ველოდით, რომ ყველაფრის განვითარება ამ კუთხით შეიძლება მომხდარიყო. დღეს გავიგეთ, რომ თურმე პროკურატურაც აქტიურად არის ჩართული.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი სრული აბსურდია. რასაც ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს ედავებიან, რა საფუძვლით არასამთავრობო ორგანიზაციები დააყადაღეს და რა საფუძვლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ცალსახად პოლიტიკური ნიშნით დევნაა.
სრული ნონსენსია, რაც პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ თითქოს ის სამართლებრივი დახმარება, რასაც ჩვენი ორგანიზაცია არაერთი წელია მოქალაქეებს, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს უწევს, შეიძლება რაღაცა ტიპის დანაშაული იყოს. ეს სრული სიგიჟეა!
ეს ყველაფერი შეიძლება იმ მთავარ თემას დავუკავშირდეთ, რასაც უახლოეს მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს. ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი. მოგეხსენებათ, “ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის მხრიდან თვის ბოლომდე აქვს ვადა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რაიმე პროგრესი ჰქონდეს. მოგეხსენებათ, არა თუ პროგრესი არ არის, ასეთი რადიკალური ნაბიჯი გადაიდგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ უნდათ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოს.
ეს ფაქტობრივად პირდაპირი საბოტაჟია! საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თუ ვისი ბრალი იქნება, თუ ეს რეალურად ასე მოხდება. “ქართული ოცნების“ საზრუნავია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა თვითონ არ აიღონ და ყველაფერი ვიღაც სხვას გადააბრალონ – დააბრალონ ევროკავშირს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ყველას გარდა საკუთარი თავისა.
ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, “დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “საფარის”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.