ანკარის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები იქნება დაბალბიუჯეტური, რაც გაზრდის ჩვენს დაკავშირებადობას თურქეთის დედაქალაქთან, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი. მისი განმარტებით, 2024 წელს თურქეთ-საქართველოს შორის შორის 1,2 მლნ-ზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.
„მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოდან, თურქეთის ავიახაზების შვილობილი ავიაკომპანია რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს ანკარა – თბილისი – ანკარას მიმართულებით. მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ანკარის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები იქნება დაბალბიუჯეტური, რაც გაზრდის ჩვენს დაკავშირებადობას თურქეთის დედაქალაქთან, სიდიდით მეორე ქალაქთან და ამ ქვეყნის კიდევ ერთ მსხვილ რეგიონთან“, – განაცხადა გივი დავითაშვილმა.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ajet-ი ანკარა – თბილისი – ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები სექტემბრის ბოლოდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია Ajet-ი თურქეთის უმსხვილესი ავიაგადამყვანის „თურქეთის ავიახაზების“ შვილობილი კომპანიაა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ახალი მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.
2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
