პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა.
მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავებიან „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.
ჯერჯერობით პროკურატურის განცხადებას არასამთავრობოები არ გამოხმაურებიან, თუმცა ზოგადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დევნას უკავშირებენ მთავრობის სურვილს, ჩაახშოს მისდამი კრიტიკულად განწყობილი ხმები.
ვის დაუყადაღეს ანგარიშები
ეს ორგანიზაციები არიან:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
· „დემოკრატიის მცველები“
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)
· „საფარი“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
რას ევადებიან მათ?
პროკურატურის მტკიცებით, ისინი „კოორდინირებულად“ აფინანსებდნენ წინა წელს საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს – „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისათვის“.
პროკურატურა ასევე წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის „სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, – რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“, – წერს პროკურატურა.
პროკურატურის განცხადებაში არ არის ნახსენები ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარე მოკვლევა, რის ფარგლებშიც ასევე ფიგურირებენ იგივე არასამთავრობოები – „უცხოეთის აგენტების“ (FARA-ს) ახლადმიღებული კანონის ფარგლებში.
ბრალდება, რის გამოც გამოძიების ფარგლებშიც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არის „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება“.
საქმის პროკურორია შალვა კოტრიკაძე.
ამავე პროკურორის მიმართვის საფუძველზე დაადეს ყადაღა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაცია 2025 წლის 17 მარტს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საზოგადოებრივი მოძრაობამ, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ ამავე წლის 18 იანვარს პროკურატურას მიმართა „პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად“.
„ხდებოდა ჯარიმების გადახდა“
პროკურატურის დასაბუთებაში წერია, რომ დაყადაღებულ ორგანიზაციების ხელმძღვანელები „ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ“, – თუმცა სახელებს განცხადებაში არ აღნიშნავს.
გამოძიება ასევე ამბობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა „სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად“ – როდესაც აქციებზე „ძალადობის საქმეების“ მიმართ არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.
პროკურატურა წერს იმასაც, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსებით „ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამის მიზანი „მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება“ და მათი „მფარველობა“ იყო.
„სამართლებრივი დაცვის გამო დაგვაყადაღეს“
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი ციტირებს პროკურატურის განცხადების ამ მონაკვეთს და წერს:
„ანუ, სხვა ადამიანის (მით უფრო, უსამართლოდ დაკავებულის) სამართლებრივ დაცვაში დახმარება, მათი ოჯახის ხელშეწყობა, იურიდიული კონსულტაციის მიცემა და ზოგადად, პატიმრის გამხნევება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო“.
„ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც განსაცდელში მყოფ ადამიანებს არასოდეს ვტოვებთ მარტო. ქოცები არიან ისინი, ვინც პატიმრების დახმარებას დანაშაულად აცხადებს, ამისთვის სისხლის სამართლის ნორმებს ქმნის და გვაყადაღებს. გადაწყვიტეთ, რომელია ჩვენში ქართველი. როგორ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება. რადგან შეუძლებელია, ჩვენც და ამ უსისხლო სადისტებსაც საქართველოს შვილები გვერქვას“, – წერს იურისტი.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი
