„ბათუმი რუსულ ქალაქად გადაიქცა – რუსებმა ბათუმში შექმნეს თავისი რუსეთი“, – ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებმა ბათუმში გახსნეს ბიზნესები, რომელიც ისევ თავის მოქალაქეებს ემსახურება და არ ხდება ქვეყნის ეკონომიკაში ინტეგრირება.
„ბათუმი, ფაქტობრივად, რუსულ ქალაქად გადაიქცა, რუსებმა ბათუმში შექმნეს თავისი რუსეთი. მათი საქმიანობა მთლიანად რუსულ ბიზნესად ჩამოყალიბდა და ერთმანეთს ემსახურებიან – არ ხდება ინტეგრაცია ქართულ ეკონომიკაში. ეს საშინელებაა, რადგან ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში ქვეყანა შეგვიქმნეს. ბათუმში ეს პრობლემა სერიოზულად იგრძნობა.
მე არ მსმენია, რომ დიდად გაიზარდა ისრაელის მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა, ისრაელი ცივილური ქვეყანაა და მათი მოქალაქეები ინვესტირებისთვის არჩევენ ისეთ ქვეყანას, სადაც თავისუფალი ეკონომიკაა. ჩვენთან იცვლება გარემო და ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები, ვისაც შავი ფულის დაბადება შეუძლია – ახლა ასეთი მდგომარეობაა, სამწუხაროდ…“, – აღნიშნა ნიკოლოზ ურუშაძემ.
გარდა ამისა, რესპონდენტმა ისაუბრა ბათუმში ინფრასტრუქტურისა და განაშენიანების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ზღვისპირა ქალაქში მაღალი კოეფიციენტებით მოხდა მშენებლობის ნებართვების გაცემა და ქალაქი, ფაქტობრივად, ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა.
„ყველაზე დიდი კოლაფსი და ქაოსური განაშენიანება არის სწორედ ბათუმში, იქ ხდებოდა 11, 10, 9 და მსგავსი კოეფიციენტებით მშენებლობებზე ნებართვების გაცემა. ბათუმი არის ის ქალაქი, რომელიც პრაქტიკულად, გაორმაგდა და დღეს კატასტროფა ხდება ქალაქში. რომ შეადაროთ 10 წლის წინანდელ მდგომარეობას, განსხვავება სერიოზულად იგრძნობა. ქალაქში არის საცობები და შემცირებული სკვერები და ცარიელი სივრცეები, ბეტონის ჯუნგლებად გადაიქცა ქალაქი. რაც იქ ხდება, ეს არის არაკომპეტენტური მართვის და კორუფციის შედეგი. ბათუმი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განვითარდეს ქალაქი“, – განაცხადა ნიკოლოზ ურუშაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
წყარო: www.bpn.ge
