„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას ეკისრება.
გეგელიას თქმით, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბრიუსელის მინიმალური პირობებიც კი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი გაიგზავნოს.
„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმალური პირობებიც კი, რომელიც ევროპულმა კავშირმა დააწესა, შესრულდეს. ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რადგან მისი ქმედებები განისჯება ცივილიზებულ მსოფლიოში. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თუნდაც მინიმუმი შესრულდეს და ევროპისკენ დადებითი სიგნალი იყოს გაგზავნილი.
პირიქით, ვხედავთ სულ უფრო და უფრო მეტ პოლიტპატიმარს, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი. ვხედავთ რომ ახალი არჩევნები არ არის დანიშნული, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, რომელიც მიიღეს, არ არის უკან გაწვეული. პრაქტიკულად არაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გეგელიამ.
