„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია.
მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება.
„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტია და დამოუკიდებელი მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და მკაცრად მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას.
მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“, – ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე პრემიის ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრემიის ფინალისტია უკრაინელი ჟურნალისტი, მაქსიმ ბუტკევიჩი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელი, პაციფისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსეთში, პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.
ჰაველის პრემიის აზერბაიჯანელი ფინალისტი კი ჟურნალისტი ულვი ჰასანლია, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, „აბზას მედიის“ დირექტორი. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება ციხეში, სადაც ის შიმშილობს და სამარტოო საკანშია.
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია 2013 წელს დააარსა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და „ქარტა 77“ ფონდთან ერთად.
დაარსების დღიდან ჰაველის პრემია გადაეცათ: მარია კორინა მაჩადოს (ვენესუელა), ოსმან კავალას (თურქეთი), ვლადიმერ კარა-მურზას (რუსეთი), მარია კალესნიკოვას (ბელარუსი), ლუჯაინ ალჰათლოულს (საუდის არაბეთი), ერთობლივად ილჰამ ტოჰტის (ჩინეთი) და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას (ბალკანეთი), ოიუბ ტიტიევს (რუსეთი), მურატ არსლანს (თურქეთი), ნადია მურადს (ერაყი), ლუდმილა ალექსეევას (რუსეთი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ალეს ბიალიაცკის (ბელარუსი).
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია გაიცემა ცერემონიაზე, რომელიც იმართება სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის ორშაბათს, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. პრიზის მფლობელის სახელს აცხადებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.