ეს ადამიანები “სახლობანას” თამაშობენ,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობას გამოეხმაურა.
როგორც ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა”.
“ღრმად მრწამს, ისინი ძალიან ნანობენ, რომ საქართველოს პარლამენტში არ გამოიყენეს ის მანდატები, რომელიც ამომრჩეველმა მათ მიანიჭა, რაზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს. პრაქტიკულად, ვხედავთ, რომ 2-3 თვეში ერთხელ ცვლიან მიდგომებს, ახლა თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით გარკვეულ პროგრესს მიიღებენ, თუნდაც ამომრჩეველთან მიმართებით. ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს არის უპრინციპო, არასერიოზული ადამიანების ერთობა, რომლებიც გარდა იმისა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ „აბულინგებდნენ“ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, ახლა მათი ერთი ფლანგი აპირებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და საკრებულოებში წარმოდგენილი იყვნენ, ხოლო მეორე ნაწილი გაურკვეველია, რა აქციებს აანონსებს. საქართველოს მოსახლეობა უკვე ვეღარ არჩევს, ვინ ერთიანდება, ვინ იშლება, ვინ ვის ლანძღავს, ვინ აპირებს საკრებულოში შესვლას და ვის გული წყდება პარლამენტში არშესვლაზე. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ე.წ. პოლიტიკოსი, რომლებიც ამ ვითომ ე.წ. პარტიების რიგებში იყვნენ, დღეს საერთოდ აღარ იძებნებიან. ყველაფერი კარგად არის! ეს ადამიანები კვლავ მწარედ დამარცხდებიან“, – განაცხადა ბითაძემ.
