მე მინდა მოსამართლე, რომელსაც ვერავინ გაუბედავს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ შენობაში ბოლოს გამოვედი 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი, ვთქვი, რომ ამ დარბაზში მე არ დავბრუნდებოდი, ვიდრე სასამართლოს არ ვნახავდი თავისუფალს. ამ დარბაზში დავბრუნდი და ეს, ამათ[აქციაზე დაკავებული პირების] გამო გავაკეთე! – ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის აქციაზე დაკავებული 11 პირის საქმეში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს იცავს.
ეკა ბესელია სხდომაზე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, სადაც გარდა იმისა, რომ ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე, ყურადღება გაამახვილა სასამართლოს მდგომარეობაზე, როგორც წინა ხელისუფლების, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სასამართლოში შემოსვლამდე გარეთ ტელეფონებსაც კი ტოვებდნენ, მედიისთვის მუშაობა შეზღუდული იყო. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების” წინა შემადგენლობამ აღნიშნული მიდგომა შეცვალა.
„ნდობის გარეშე რა არის მართლმსაჯულება? – ამიტომ გავხსენით, რომ არ დაგვემალა სასამართლოში მაშინ მომდინარე მოვლენები. თქვენ ხომ ყველაზე კარგად გრძნობთ პროცესის მიმდინარეობას, ხომ გრძნობთ, როდის შეიძლება იყოს დარბაზი ხელის შემშლელი და პირიქით, ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებას. მაშინ, ჩვენ ვთქვით, რომ სასამართლოს გავათავისუფლებდით ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისგან. ეს იყო საჯაროდ განცხადება და მაშინ დავიწყეთ ჩვენ მოქმედება. ეს იყო რთული პროცესი. მაშინ სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღას“, ანუ მეოთხე ეტაპს მე ვუძღვებოდი, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ ეს რეფორმა გაჩერდა. თქვენ, მაშინ სასამართლოში იყავით უბრალოდ სხვა პოზიციაზე…“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან სხდომაზე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლებიდან წამოვიდა.
„იცით, ეს რატომ გავაკეთე? თქვენ და კიდევ სხვა მოსამართლეებს, რომლებიც აქ საქმეებს იხილავთ, უზენაესი სასამართლოს სახით არ გყოლოდათ დავალების მიმცემი. გავაჩერე „მოსამართლეთა სია“ და როცა ეს სია გავაჩერე, ამით მე მინდოდა თქვენი და თქვენნაირი მოსამართლეების დაცვა და თავისუფლება. მე მინდა მოსამართლე, რომელსაც ვერავინ გაუბედავს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ შენობაში ბოლოს გამოვედი 2013 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი, ვთქვი, რომ ამ დარბაზში მე არ დავბრუნდებოდი ვიდრე სასამართლოს არ ვნახავდი თავისუფალს. ამ დარბაზში დავბრუნდი და ეს, ამათ [აქციაზე დაკავებული პირების] გამო გავაკეთე! თავს არ მივეცი უფლება დარბაზიდან დავკვირვებოდი პროცესს…
მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩავწერეთ, იცით რატომ ჩავწერეთ? იმიტომ, რომ ასე არ აჯაჯგურონ ეს ქვეყანა, როგორც ახლა აჯაჯგურებენ. ეს მუხლი თქვენც გეხებათ. იქ წერია ყველა კონსტიტუციური ორგანო, თქვენც კონსტიტუციური ორგანო ხართ”, – მიმართა ეკა ბესელიამ მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს.
ამის შემდგომ ბესელიამ მოსამართლეს მიმართა, რომ უნდა წაიკითხოს ლექსი სახელწოდებით „კურნავს სიცილი“, რომელიც ბავშვებმა და ხანდაზმულებმა დაუწერეს ანდრო ჭიჭინაძეს.
ბესელიას თქმით, ლექსის სახით ისმის მათი ხმა – თავისუფლების შესახებ.
„გააღეთ საკანი. ის გველოდება.
სეანსი გვაქვს ჩანიშნული.
კურნავს სიცილით.
მე ლიზი ვარ, რვა წლის, დიაგნოზით – ლეიკემია.
მან ჩემი თეთრი უჯრედები სიცილით უნდა ამოავსოს.
მე მელისა ვარ, შვიდი წლის, მან დამაჯერა, რომ
სიცილი დაამარცხებს დაავადებას.
მართა ბებო ვარ, მოხუცებულთა თავშესაფრიდან.
ჩვენს მარტოობას ანუგეშებს მისი სიცილი.
გააღეთ კარი. მელოდებიან…
მოსამართლემ აიცილა მისი სიცილი,
პროკურორმა აიცილა მისი სიცილი,
ცრუ მოწმეებმაც აიცილეს მისი სიცილი
ერთხმად დათანხმდნენ უკურნებელ ავადმყოფობას.
სიცილი მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
სიმართლე მაინც გამოძვრება ყველა საკნიდან,
არ დამარცხდება“, – წაიკითხა ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში.
