რას ვერ ჩაწერს მოსამართლე განაჩებში და რატომ? – ვიდეო პოლიციელის წინააღმდეგ – ეშინია, თუ არა, მოსამართლეს შსს–ს?

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის პროცესი დასკვნით ეტაპზეა – დღეს ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა საბოლოო სიტყვა თქვა.
უფლებადამცველმა სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელი მირიან ქავთარაძე, რომელზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება საბა სხვიტარიძეს, თავად ძალადობდა მოქალაქეებზე და საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა.
“ვიდეოში, ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი, მირიან ქავთარაძე, რომელზე თავდასხმასაც ედავება გამოძიება საბა სხვიტარიძეს, თავად ძალადობდა მოქალაქეებზე და საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში მოქმედებდა, რისი კანონიერი უფლებაც მას ჰქონდა. მირიან ქავთარაძე თავად იყო თავდამსხმელი, თავს ესხმის ქალს – თეონა ჭალიძეს, მასზე 30-40 სანტიმეტრით ტანმორჩილს, და გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა არ ჩაატარა გამოძიება, არსებობდა თუ არა მირიან ქავთარაძის მხრიდან ძალადობის შემთხვევები. პოლიციელი მოწმეების ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ისინი ცდილობენ მირიან ქავთარაძის მიმართ გამოიჩნონ ლოიალობა. ბრალდები მხარის მოწმე პოლიციელები თავიანთ ჩვენებებში გამორიცხავენ მირიან ქავთარაძის მხრიდან გინებისა თუ ძალადობის ფაქტს. ეს ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის თავად მირიან ქავთარაძის გამოკითხვის შინაარსთან: “მირიან ქავთარაძეს ვკითხე, თქვენ აგინებდით მოქალაქეებს? ის მპასუხობს, დიახ, ვაგინებდი მოქალაქეებს, მათი დაკავება მინდოდაო. შემდეგ მე ვკითხე, ყველას აგინებდით? არა, ყველას არა.
ბატონო მოსამართლევ, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამ საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური გამოძიება და მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი.
სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ ეს საქმე ყველა შემთხვევაში წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სახელმწიფო მტკიცების ტვირთს ვერ აწევს და როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები წაიკითხავენ ამ საქმეს, ის მაინც წაიკითხონ, რომ ადამიანი პატიმრობაში არ გაუშვეს… თქვენ ახლა განაჩენში რომ დაწეროთ, მირიან ქავთარაძე თეონა ჭალიძეს თავს დაესხა, ბრალდების მხარე ვალდებული იქნება, მირიან ქავთარაძე დააკავოს, ამიტომ თქვენი საქმე პრობლემურია, თუ ამას დაწერთ. თუ ამას არ დაწერთ, სამი მოწმის ჩვენების ანულირება უნდა მოახდინოთ. რომელი სჯობს, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ან დააბალანსოთ და თქვათ, როგორც ახობაძეზე, რომ მტკიცებულება არ არსებობს. თუ არც ამას დაწერთ და არც იმას, მაშინ განაჩენი კანონიერი ვერ იქნება. გთხოვთ, რომ შეაფასოთ მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობები, ისინი ერთმანეთს ავსებენ თუ საწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამ საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური გამოძიება და მიიღოთ გამამართლებელი განაჩენი… ” – განაცხადა ადვოკატმა.
სინდისის პატიმარ, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი “ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ”.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, მას ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებოდნენ.
ხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ არსებობს არაერთი საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ საბა სხვიტარიძე დაკავების შემდეგ, სასტიკად სცემეს და წამებასთან გათანაბრებულ პირებებში ამყოფეს – ადვოკატის და ოჯახის თქმით, ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა საქმეზე არც ერთი მოძალადე არ დაუსჯიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული

IFCN – მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ