ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
“დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია.
