ზურაბ ჯაფარიძე: გეღიმება ყოველ ჯერზე და გახსენდება, რომ 2 კამერა გიყურებს 24/7-ზე და გულით თუ გაიცინე, შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ. თუმცა უკვე კაი ხანია, ეს ამბავი აღარ გაწუხებს

ზურაბ ჯაფარიძე:
რკინის მასიური კარი, საგულდაგულოდ დაგმანული პატარა “ფორთუჩკით”, საიდანაც დღეში სამჯერ საჭმელს გაწვდიან.
მუდმივად მტვრიანი იატაკი, ახალდალაგებულზეც კი. მოკრემისფრო კედლები, ჭერთან კუთხეში აბლაბუდებით.
დამონტაჟებული მაგიდა, ასევე დამონტაჟებული სკამებით, რომლებზეც ზედაპირის სიმყარის გამო დიდხანს ჯდომა შეუძლებელია.
რკინის ორი ლოგინი საოცრად დრეკადი ზედაპირით, რომელიც რაღაც სამხრეთ ამერიკული საკრავის ხმას გამოსცემს ყოველ გადატრიალებაზე და რატომღაც, ყოველ ჯერზე თავში მოგდის – “მონტესუმა”.
გეღიმება ყოველ ჯერზე და გახსენდება, რომ 2 კამერა გიყურებს 24/7-ზე და გულით თუ გაიცინე, შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ. თუმცა უკვე კაი ხანია, ეს ამბავი აღარ გაწუხებს.
მეტალის ორი თარო, რომლებზეც შენი ჭკუით გონივრულად გაანაწილე სარეცხი საშუალებები ცალკე, ბანაობისთვის საჭირო ატრიბუტები ცალკე, წიგნები ცალკე და რაღაცები რომ იყიდე სულ თავიდან, რომ გეგონა დაგჭირდებოდა და არაფერში გჭირდება – ეგენი ცალკე.
გისოსებიანი ფანჯარა, საიდანაც ჩანს რაღაც საბჭოთა ქარხნის 2 საკვამური (მე-3 ხეს ეფარება) და საიდანაც ღამით ისეთი ხმები შემოდის, იფიქრებ, სტივენ კინგი რატომ არ ვარო…
რატომ ღამით? არ ვიცი. შეიძლება ვამპირები არიან.
ეს ხდება აქ სულ. ანუ მართლა სულ. ყოველ წუთს, ყოველ წამს. რამდენჯერ და რამდენი ხნითაც არ უნდა დახუჭო თვალები, გაახელ და ეს დაგხვდება.
აქ დრო გაჩერდა.
მაგრამ,
არის ერთი მაგრამ.
მაგიდაზე გიდგას ოთხკუთხედი რაღაც, ზომით დაახლოებით 55×30სმ-ზე, რომელიც შეგიძლია ჩართო და იქ ცხოვრებაა. იქ ჰაერია. იქ მოძრაობაა. იქ მრავალფეროვნებაა. იქ ადამიანები არიან, რომლებიც ცოცხლობენ, იბრძვიან, ტირიან, იცინიან, უხარიათ, სამმაგ ჩიზბურგერს ჭამენ მაკში, ღვინოს ან ვისკის წრუპავენ თუ მოუნდათ, ახლობლებს ეხუტებიან, რაც უნდათ – იმას აკეთებენ.
რთავ ამ ყუთს, რომ ვირტუალურად მაინც მოხვდე ამ სამყაროში. იქ, სადაც თავისუფლებაა. სადაც იბრძვიან ბოროტების წინააღმდეგ. სადაც უსინდისო ნაბიჭვრები ვერ ახერხებენ თავისუფალი ადამიანების გატეხვას. სადაც იცი, რომ ბევრ უსიამოვნო რამეს მოისმენ, მაგრამ ასევე ნახავ ადამიანური თავდადების ისეთ მაგალითებს, რომლის მსგავსიც აქამდე მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში გინახავს.
რთავ და გესმის:
“სად არის კარლოვი ვარი, რომელსაც ივანიშვილი შეპირდა წყალტუბოელებს? ჩვენ აქ შევქმნით 200,000 სამუშაო ადგილს”
და თიშავ.
იქ უფრო გაჩერდა დრო.
კი, უფრო.
19.08.25