უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში აშშ-ის ჯარები არ განთავსდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა – უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან. თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიური როლის შესრულებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ უსაფრთხოების გარანტიები და ნდობა, რაც მათ სჭირდებათ ომის შესაჩერებლად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების დადგენაში რუსეთის ჩართულობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ ვენსმა განაცხადა :
„პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიებზე ომის დასრულებამდე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, რუსები ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებული საუბრის ნაწილი იქნებიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ ამაში გარკვეული წილი ექნებათ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი მაქსიმუმ 6 თვეში დასრულდება.
„რაც არ უნდა იყოს ამის შედეგი, დასრულდება თუ არა ომი სამ თვეში, ექვს თვეში თუ, იმედია, არა უფრო გვიან, ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს მკვლელობების შეჩერებას“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
