ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით სერიოზული პრობლემები აქვს – პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება სამარცხვინოა, სადაც ისევ დაზარალებულზე ხდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან ისრების გადატანა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც პენიტენციურ სამსახურში საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ქაოსი, რომელიც სხვადასხვა უწყებაში არსებობს, პენიტენციურ სამსახურშიც გადავიდა.
„ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ პენიტენციურ დაწესებულებაში დამატებით სერიოზული პრობლემები აქვს. მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, რომ დაკავშირებული არ იყოს გიორგი ბაჩიაშვილთან, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, რომ კონკრეტული თანამშრომლები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები, გიორგი ბაჩიაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ეს არის სამარცხვინო განცხადება, სადაც ისევ დაზარალებულზე ხდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან ისრების გადატანა და აქედან გამომდინარე ის ქაოსი, რომელიც სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, სახელისუფლებო ვერტიკალში არსებობს, ბუნებრივად გადასულია პენიტენციურ სამსახურში.
ეს საკადრო ცვლილებები იმდენად დელიკატურად გამოიყურება, რომ ყოფილი უფროსების დაბრუნება უწევთ პენიტენციურ სამსახურში. ეს ნათელი მაგალითია, რომ „ქართული ოცნების“ ვერტიკალი ძალიან შერყეულია, ეს ბუნებრივია დაკავშირებულია პროტესტთან, გარე თუ საშინაო წნეხთან, რომელიც არსებობს – პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ბეჟან ობგაიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
განცხადების თანახმად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.
უწყების განმარტებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
„შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
