მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ – ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე − თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში