შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს – 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ფორუმი
