შშმ პირის დედა ამბობს, რომ მისი შვილი სამმა კლინიკამ არ მიიღო – ბიჭი ახლა მართვით სუნთქვაზეა

18 წლის შშმ ბიჭის დედა, მაია ბარათაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი წუხელ თბილისის სამმა კლინიკამ არ მიიღო, მეოთხე კლინიკაში კი რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მიიღეს. ბიჭი ახლა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მაია ბარათაშვილი მედიასთან ჰყვება, რომ მისი შვილი ვერ ლაპარაკობს და ვერ გადმოსცა, რომ რაღაც აწუხებდა, თუმცა დედა ქცევით მიხვდა, რომ მას სახის ან თავის არეში, სავარაუდოდ, კბილის ტკივილი აწუხებდა და შვილი კლინიკაში წამოიყვანა.

„მიხაილოვის“ საავადმყოფო იყო პირველი, სადაც მივედით და უარი მითხრეს მიღებაზე, თქვეს, რომ იყო მძიმე პაციენტი და იქ ვერ გამოიკვლევდნენ, თან არ ჰქონდათ ადგილი.

სასწრაფო იქვე გამოვიძახე, რომ სადმე სხვაგან გადაეყვანათ… მანქანაში გაუკეთეს დამამშვიდებელი. სასწრაფო რეკავდა კლინიკებში, ყველა უარს ამბობდა მიღებაზე. ბოლოს გადაწყვიტეს და „გერმანულ ჰოსპიტალში“ გადაგვიყვანეს.

გადმოვსვით ბავშვი ეტლში, რომ კლინიკაში შეგვეყვანა და როგორც კი კარებს გავცდით, იქვე გვითხრეს, რომ ამ ბავშვს ვერ მიიღებდნენ, რადგან არ ჰქონდათ სათანადო პირობები…

გამოგვიშვეს „ინგოროყვაში“. აქ გვითხრეს, რომ გაფუჭებულია მრტ-ს აპარატი უკვე 6 თვეა და არც ფსიქიატრი ჰყავს და რომ უნდა მოვძებნო კლინიკა, სადაც ფსიქიატრიც შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას…

იქაც რომ არ მიგვიღეს, დავრეკე პოლიციაში და ვითხოვე დახმარება, რომ რომელიმე კლინიკაში გამომყოლოდნენ. მოვიდნენ და ერთად, მე, პოლიცია და სასწრაფო მოვედით ამ კლინიკაში [ჯეო ჰოსპიტალში]“, – უთხრა TV პირველს დედამ, მაია ბარათაშვილმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბიჭი საავადმყოფოს იატაკზე წევს.

„კარგად ხანს იატაკზე იყო ბავშვი და ვცდილობდით დამამშვიდებლის გაკეთებას. უწყვეტად ყვიროდა“ – ეუბნება დედა „რადიო თავისუფლებას“.

მაია ბარათაშვილი წუხელ კლინიკაში არ შეუშვეს და ღამე გარეთ გაათია.

თამუნა იარაჯული, რომელიც ასევე შშმ პირის დედაა და ჯანდაცვისა თუ სხვა უფლებების ადვოკატირებაში აქტიურადაა ჩართული, ამბობს, რომ „ჯეო ჰოსპიტალში“ დღეს დილით ბიჭს კბილის ოპერაცია უნდა ჩატარებოდა. ანესთეზიაზე თანხმობის გაცემიდან დაახლოებით, 40 წუთში კი დედასთან ექიმი მივიდა და ამცნო, რომ სუნთქვის პრობლემების გამო ოპერაცია გადაიდო.

„გადაყვანილია რეანიმაციაში, ინტუბირება ჩაუტარეს და მართვით სუნთქვაზეა… კითხვა დავსვით, გუშინ რომ ფსიქიატრიულში გვიშვებდნენ და ამდენმა კლინიკამ კარი მოგვიხურა, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში-თქო და გვითხრეს, მკვდარს მოიყვანდითო, იმიტომ, რომ აქვს ორმხრივი გართულებული პნევმონია ფილტვში. დიდი რისკია, სიცოცხლის საფრთხეც არის და ყველამ ვილოცოთ, რომ გადარჩეს“, – ამბობს თამუნა იარაჯული.

TV პირველის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსში განაცხადეს, რომ შემთხვევის მოკლვევას დაიწყებენ.