ლევან მაჭავარიანი – როდესაც ევრობიუროკრატები რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას – მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს, რომ ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, ჭორაობის გარდა არაფერს ეფუძნება

ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, ჭორაობის გარდა, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ევრობიუროკრატების ბრალდებების უკან ფაქტები არ დგას, ხოლო, თავად ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
მისივე განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში მოცემული ინდექსები რეალურ მოცემულობას და ფაქტებს ეფუძნება.
„როდესაც ისინი [ევრობიუროკრატები] რაღაც ბრალდებას გვიყენებენ, ამის უკან ფაქტები არ დგას. ეს არის უბრალოდ ჭორაობა და რაღაც აღქმების შექმნის მცდელობა. ანგარიშში, რომელიც თავად ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ეხება სასამართლოს სისტემას და სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის ოცეულში ვართ. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც ევროპის ოცეულში ვართ. მთავრობის ეფექტიანობა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყველაფერი მოხვდა ევროკომისიის ანგარიშში. ეს ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს და რეალურ მოცემულობას. ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იაზრებს იმას, რომ უაპელაციო ბრალდებები, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან მოდის, აბსოლუტურად არაფერს ეფუძნება, ჭორაობის გარდა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.