თბილისის საქალაქო სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის გამო ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა „ჩაუდეს“, ბრალდებულისგან იძულებით აიღეს ბიოლოგიური ნიმუში და დაიტანეს ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე.
ამის შესახებ წერია გიორგი ახობაძის განაჩენში.
მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის ვერსია არ გაიზიარა, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა გიორგი ახობაძის დამნაშავედ ცნობისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი თავის დასაბუთებაში წერს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის მტკიცებულებები ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. მაგალითად, ჩხრეკისას „ობიექტურად შესაძლებელი იყო ვიდეოგადაღება, რაც არ განხორციელდა“.
რაც შეეხება ბიოლოგიური ექპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს გიორგი ახობაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პაკეტის წებოვანი ლენტიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული დნმ-ის ახობაძისადმი კუთვნილებას, სასამართლო ამბობს, რომ ამგვარი ექსპერტიზის დასკვნა შესაძლოა, წარმოადგენდეს ნეიტრალურ, სანდო მტკიცებულებას, თუმცა, იმავდროულად, ყურადღებას აქცევს ბრალდებულის განმარტებას ნივთიერ მტკიცებულებაზე მისი ბიოლოგიური მასალის წარმოშობასთან დაკავშირებით. ახობაძე ამბობდა, რომ თითებით აუღეს ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან, რათა შემდგომ მისი დნმ ნივთმტკიცებაზე გადაეტანათ.
„შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდების მხარემ არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოკამერების ჩანაწერების მოსაპოვებლად, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს ნივთიერი მტკიცებულებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ბრალდებულისადმი კუთვნილებას, ვერ შეაფასებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად“, — ნათქვამია განაჩენში.
· ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
· 2025 წლის 6 აგვისტოს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძვლით გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.




