„ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს“ – NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს პასუხობენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებმაც უკვე მეორედ მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი, რომლითაც მათ განმარტებას სთხოვენ, რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტებად, უწყებას წერილობით პასუხობენ და უყვებიან, რას აკეთებდნენ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან მიღებული დაფინანსებით.
„მედიის განვითარების ფონდი ანტიკორუფციული ბიუროსთან გაგზავნილ წერილში ხაზს უსვამს, რომ MDF-ის საქმიანობა, რომლისთვისაც ორგანიზაცია ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების და სხვა დასავლური დონორების დაფინანსებას იღებს, გამჭვირვალეა და ემსახურება მხოლოდ და ექსკლუზიურად საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და თანხვედრაშია კანონმდებლობასა და პოლიტიკის დოკუმენტებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ მიზნებთან“, – აცხადებენ „მედიის განვითარების ფონდში“.
ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს შეახსენებს, რომ მათი საქმიანობა თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პრიორიტეტებთან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ ანტიკრუფციული ბიოროს დახმარებით „ქართული ოცნება უკვე იყნებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ავტორიტარულ კანონებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ „კანონის გონივრული და კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში შეუძლებელია ჩვენი ორგანიზაცია უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონის ადრესატად იყოს განხილული“ და ჩამოთვლილია ის ხუთი არგუმენტი, რის გამოც მათი შეფასებით, არ ეკუთვნით ე.წ. აგენტად რეგისტრაცია. მათ შორის არის: ორგანიზაციის დამოუკიდებლობა, დაფინანსების სხვადასხვა წყარო და ა.შ.
რამდენიმე დღის წინ შვიდმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (“საფარი”, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “მედიის განვითარების ფონდი”, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, “სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]”) განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი მიიღეს, რომელშიც „გვედავებიან ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად.”
ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადებით სოლიდარობა გამოუცხადა.