პროკურორი ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი დაკითხვის ოქმს, მაგრამ რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდი,- ასე მიმართა ბრალდებულმა არჩილ მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.
არჩილ მუსელიანცს პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანებას და ცეცხლი წაკიდებას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს. მისი თქმით, ექსპერტი ნინო კორაშვილი სასამართლოში თავდაპირველად ამტკიცებდა იმას, რომ ვიდეო მასალაზე, რომელიც საქმეში მის წინააღმდეგ დევს, მონტაჟი ვერ დაინახა და მასალაზე ზოგადი დასკვნა დადო. შესაბამისად, ბრალდებულის თქმით, ექსპერტის ეს პასუხი უნდობლობას იწვევს.
გარდა ამისა, მუსელიანცის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არ დევს ის ტანსაცმელი, რომლითაც დააკავეს, მათ შორის ის ზედა, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის კვალი. ბრალდებულის თქმით, ის დაკავებისას სცემეს და მაისური საქმეში ამ მიზეზით არ ჩაიდო.
„ვიდეოს აღენიშნებოდა მონტაჟის კვალი. ექსპერტმა ნინო კორაშვილმა დადო ზოგადი დასკვნა და ვერ შეასრულა მისი დავალება.
მთავარი მტკიცებულება ეს არის ტანსაცმელი, რომელიც არ არსებობს საქმეში. სად არის ტანსაცმელი – ვერსად აღმოაჩინეს მტკიცებულებები, ლევან ჩხიკვაძემ თქვა, რომ დავწვი ეს ტანსაცმელიო და თურმე შიშველი დავრბოდი რუსთაველზე.
საქმეში ზედა არ ჩადეს, რადგან ის სისხლიანი იყო, ცემისგან.
პროკურორი ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი დაკითხვის ოქმს, მაგრამ რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდი“,- განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს, ის ამ წუთებში სათათბიროდ არის გასული.




