„პროკურორი ამტკიცებს, რომ [ოქმზე] ხელმოწერები იყო ნებაყოფლობითი. თუმცა, რაც მე მაქვს გავლილი, თქვენ ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდით“, — მიმართა არჩილ მუსელიანცმა პროკურორს.
მას არაერთხელ უსაუბრია, რომ დაკავების შემდეგ ძალადობის და ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
ძალადობაზე და საქმის მასალების გაყალბებაზე მიუთითა არჩილ მუსელიანცმა დასკვნით სიტყვაშიც.
„ოქმებზე ხელმოწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ჩემი ხელმოწერებია ნამდვილად. ამ ხელმოწერებით მიიღეს, რაც უნდოდათ. იურისტი არ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, სასამართლოში ამ ჩვენებებს არანაირი ძალა არ ექნებოდა. თავი რომ დაენებებინათ ჩემთვის, ამიტომ მოვაწერე. კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება, რომელიც არ არსებობს — სად არის ტანსაცმელი? სადაც კი ფეხი შემიდგამს, ყველგან ჩხრეკა იყო ჩატარებული. ლევან ჩხიკვაძე, გამოსავალი რომ ვერ ნახა, ჩაწერა, რომ არჩილ მუსელიანმცა განაცხადა, რომ ტანსაცმელი დაწვაო… თურმე შიშველი დავდიოდი რუსთაველზე. 29 ნოემბრის 18:00 საათიდან 30 ნოემბრის 03:00 საათამდე ვიმყოფებოდი რუსთაველზე, სანამ დამაკავეს. იმ ტანსაცმლით, რომელიც ნივთმტკიცებულებებში ჩადეს. მაგრამ, არ ჩადეს ის ზედა, რომელიც სისხლიანი იყო, რადგან სისხლიანი იყო ცემისგან. რა ტანჯვა და წამებაც გავიარე, ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, რადგან მანამდეც დეტალურად მაქვს ახსნილი, თუ როგორ მიიღეს ჩემი ხელმოწერები, რითი მაშანტაჟებდნენ, რითი მაშინებდნენ, რითი მემუქრებოდნენ“, — განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ არჩილ მუსელიანც 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.




