ხატია დეკანოიძე – ბარიერით თუ უბარიეროდ, მიზანი არ იცვლება, „ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს, პარლამენტში არ უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ ორი პარტია – ამიტომ გადაჯგუფება შეიძლება იყოს ერთ-ერთი გამოსავალი

ბარიერზე ახლა საუბარი დაგვიანებულია, ეს ოპოზიციის მხრიდან სერიოზული გაშვებული შესაძლებლობა მგონია – პარლამენტში არ უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ ორი პარტია, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ხმები “ქართული ოცნების” საპირისპიროდ არ იქნება საკმარისი მის დასამარცხებლად , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე შეიძლება იყოს ერთ- ერთი გამოსავალი.
“ვფიქრობ, ბარიერის დაწევაზე უნდა ყოფილიყო სერიოზული აქტიურობა წინა სტატუსის მინიჭების კონტექსტში, მათ შორის, პარტიების მხრიდან, ვისაც აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. რატომ ითვლება, რომ ბარიერზე საუბარი ნიშნავს სისუსტეს, არ მესმის, რადგან ფაქტია, მეტი წარმომადგენლობა პარლამენტში ხალხს აძლევს საშუალებას, რომ პროდასავლური კოალიცია გაცილებით ფართო შემადგენლობით შეიქმნას “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ახლა არის მოცემულობა, როცა დაგვიანებულია ბარიერზე საუბარი. ბარიერით თუ უბარიეროდ, ჩვენი მიზანი არ იცვლება, ქართული ოცნება უნდა შეიცვალოს, ამიტომ ისეთი კონფიგურაციები უნდა მოვძებნოთ, როცა პარლამენტში არ უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ ორი პარტია, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ხმები, “ქართული ოცნების” საპირისპიროდ არ იქნება საკმარისი მის დასამარცხებლად, ამიტომ გადაჯგუფება შეიძლება იყოს ერთ-რთი გამოსავალი. ძალიან სერიოზული გაშვებული შესაძლებლობა მგონია ეს ოპოზიციის მხრიდან”, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, დეკანოიძე აცხადებს, რომ პრობლემურია ის ცვლილებები, რომლითაც ძველი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა შესაძლებელი ხდება.
“რა თქმა უნდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ მმართველი გუნდის ის მცირე რეფორმაც კი, რაც განხორციელდა ამ მიმართულებით, იხევს უკან. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ცვლილებას, თუმცა, არ მგონია, ამან გადამწყვეტი როლი მოახდინოს მოქალაქეთა ნებაზე, ვისაც უნდა მივიდეს და ხმა მისცეს.
უბრალოდ, მე ძალიან ვწუხვარ და შეშფოთებით ვეკიდები ს ჩარევას ქაღალდის პირადობის მოწმებების კუთხით, რაც არ არის გამორიცხული”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ