სოფრომაძის ცოლი: რაზმაძის განცხადება იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ბევრი მოღალატე გვყავს, ეროვნებით ქართველი და სულით რუსი

აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას გმირების და მათი ოჯახების შეურაცხყოფად აფასებს და ამბობს, რომ “დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მოღალატე გვყავს, ეროვნებით ქართველი და სულით რუსი. “

თეა ტაბატაძე არ გამორიცხავს, რომ  “ხვალ რომ საქართველოს დასჭირდეს, შესაძლოა, არცერთ ჯარისკაცს სურვილი არ გაუჩნდეს ომში მონაწილეობის, რადგან ვინც ქვეყანას თავი შესწირა, რაზმაძის მსგავსი განცხადებებით ფასდებიან.“

მხოლოდ ჩემი მეუღლის კი არა, ყველას შურაცხყოფად აღვიქვი, ვინც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოში, ცოცხლებისაც და მკვდრებისაც, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრი მოღალატე გვყავს, ეროვნებით ქართველი და სულით რუსი.  გმირების ოჯახების ძირითადი პოზიცია ასეთია, ცოცხლებისაც და გარდაცვლილებისაც, რადგან ყველას ნერვებზე გადის ეს განცხადებები და ყველა მოქმედ და არამოქმედ სამხედროს შეურაცხყოფაა.

ჩემი ორივე შვილი მომავალი სამხედროა, ჩემი მეუღლეც სამხედროა და მე თვითონაც თავდაცვაში ვმუშაობ, ეს არის სრულიად თავდაცვის ძალების შეურაცხყოფა, ხვალ რომ საქართველოს დასჭირდეს, შესაძლოა, არცერთ ჯარისკაცს სურვილი არ გაუჩნდეს ომში მონაწილეობის, ეს ჩემი პირადი აზრია, რადგან ვინც იბრძოლა და ქვეყანას თავი შესწირა, ისინი არ ფასდებიან, ასეთი განცხადებებით, რომ თურმე ხულიგნები და ყაღაჩები არიან, საერთოდ არ გამიკვირდება, არცერთმა მებრძოლმა ხელში იარაღი არ აიღოს, – განაცხადა თე ტაბატაძემ.

სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ “ნიუ იორკ თაიმსმა” მისი ინტერვიუ გააყალბა.