მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ნინო დათაშვილის საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, ამავე დონის სხვა სასამართლოში გადატანა მოითხოვა.
ადვოკატ თამარ გაბოძის თქმით, ნინო დათაშვილისთვის სტრესულია მისი საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა, რადგან მანდატურები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ, იმავე სასამართლოში მუშაობენ, სადაც თავად მოსამართლე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ობიექტურ კითხვებს ბადებს, მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით.
პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასევე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერცერთი მოსამართლე ობიექტური ვერ იქნება, რადგან მანდატურები თქვენი თანამშრომლები არიან”,- განაცხადა თამარ გაბოძემ.
ასევე, მისი თქმით, წინა სასამართლო სხდომაზე მანდატურმა მის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულებაც გამოავლინა.
ასევე, ბრალდებული ნინო დათაშვილი აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული არგუმენტები არალოგიკური და უსაფუძვლოა.
„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, – განაცხადა ნინო დათაშვილმა.
